Quantcast
Channel: ინტერვიუ –ფეხბურთი,კალათბურთი,სპორტი,სპორტული სიახლეები
Viewing all articles
Browse latest Browse all 377

ელგუჯა გრიგალაშვილი: „როგორ ხასიათზეც არ უნდა იყო, როცა ქუთაისში სტადიონზე გადიხარ, თამაში გწყურია“

$
0
0

ფოტო: "ტორპედოს" ოფიციალური ვებ-გვერდი

გთავაზობთ ქუთაისის “ტორპედოს” ნახევარმცველ ელგუჯა გრიგალაშვილთან ინტერვიუს, რომელიც ქუთათურთა ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გამოაქვეყნა.

22 წლის ელგუჯა გრიგალაშვილის სახით ჩვენს გუნდს ძალზედ გამოსადეგი ფეხბურთელი შეემატა. „ტორპედოს“ მე-19 ნომერს განსაკუთრებით კარგად ეხერხება ქუთაისელთა შეტევების გამწვავება, აქედან გამომდინარე, მას შემდეგ, რაც ნახევარმცველმა “ტორპედოსთან“ 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, მისი გვარი ძირითად შემადგენლობაში დომინირებს. დღემდე, ქუთაისური გუნდის მაისურით ელგუჯას ანგარიშზე 3 გოლია და აღსანიშავია, რომ ყველა მათგანი მან თბილისის „დინამოს“ გაუტანა. მასთან და გუნდთან დაკავშირებულ თემებზე გრიგალაშვილთან ინტერვიუ ჩავწერეთ, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ.

- გუჯა, მოგვიყევი, როგორ დაიწყო შენი საფეხბურთო კარიერა?
- თავდაპირველად, თბილისის „მერანის“ ბავშვთა გუნდში დავიწყე თამაში, სადაც ჩემი პირველი მწვრთნელი იყო ხვიჩა ქესანიშვილი. ჩემი კარიერის მეორე გუნდი გახლდათ პირველ ლიგაში მოასპარეზე „ნორჩი დინამოელი“. პროფესიონალური კარიერის საწყისი კლუბი კი იყო „დინამო“ ბათუმი, იქ ორ წელიწადნახევარი გავატარე და განათხოვრების წესით გადავედი მარტვილის „მერანში“, სადაც 1 წელი ვითამაშე და „ტორპედოში“ ჩავირიცხე.

- მარტვილის „მერანში“ ყოფნის პერიოდს როგორ გაიხსენებ?
- მარტვილში გატარებული წლები ყოველთვის მემახსოვრება, იქ თამაშით ბედნიერი ვიყავი და რასაკვირველია, რომ სასიამოვნო მოგონებებიც მაქვს. იმედია, „მერანში“ ჩემი გამოსვლით ხალხიც კმაყოფილი იყო. დღესაც, ძალიან მიყვარს იქაურობა.

- ქუთაისის „ტორპედოში“ რამ გადაგაწყვეტინა გადმოსვლა და როგორ შეეწყვე გუნდს?
- ბევრმა ფაქტორმა მიბიძგა ამ ნაბიჯის გადადგმისაკენ. პირველი იყო მწვრთნელის ავტორიტეტი, შემდეგ კი რა თქმა უნდა, გუნდის ტრადიციები, ტიტულები და ის, რომ „ტორპედო“ ყოველთვის უმაღლესი მიზნებისთვის იბრძვის. გარდა ამისა, უკვე თავადაც გამოვცადე, რომ, როგორ ხასიათზეც არ უნდა იყო, როცა ქუთაისში სტადიონზე გადიხარ, თამაში გწყურია .

რაც შეეხება გუნდთან შეგუებას, თავიდან ბუნებრივია, მიჭირდა ბოლომდე „გახსნა“ და არ გამომდიოდა თამაში, შემდეგ კი ბიჭებთან და გულშემატკივრებთან ურთიერთობის დამყარებით ყველაფერი თავის ადგილზე დადგა.

- სეზონი წარმატებით დაიწყეთ, ბოლო სამ თამაშში კი მხოლოდ ქულა აიღეთ…
- ალბათ, არ იქნება მოსაწონი წაგებულ თამაშებში თავის მართლება, თუმცა უიღბლობის მომენტი ცალსახად არის. ზუგდიდში მართლაც, რომ დასანანი მარცხი განვიცადეთ. „დინამოსთან“ მატჩს რაც შეეხება, ისე უცნაურად განვითარდა მოვლენები, რომ თითქოს, არც ერთი სახის შედეგს არ ვიმსახურებდით. ზესტაფონში კიდე ჩვენი გამოკვეთილი უპირატესობის მიუხედავად დავმარცხდით. ძალიან ცუდია, რომ ცხრილში 7 ქულით გაგვასწრო „დინამომ“, გორმა კი 5-ით, თუმცა ჩემპიონატის მთავარი ნაწილი წინ არის. როგორც მინიმუმ, უახლოესი მატჩები აუცილებლად მოსაგებია.

- როგორ ფიქრობ, ეროვნულ ასპარეზზე რისი პოტენციალი აქვს „ტორპედოს“?
- ჯერ-ჯერობით საუკეთესო ექვსეულში შესვლაა დასახული მიზნად, შემდეგ კიდე არ გამოვრიცხავ, რომ ჩემპიონობისთვის ვიბრძოლოთ. ჩამორჩენა ერთი შეხედვით არ არის იოლად აღმოსაფხვრელი, თუმცა მე მივიჩნევ, რომ მათზე დაწევა მაინც თავისუფლად შეიძლება, რადგან როგორც ყველა „ექვსეულის“ გუნდს, ისე ამჟამინდელ პირველ-მეორე ადგილოსნებს ჩემპიონატის ახალ ეტაპზე ორ-ორჯერ ვეთამაშებით და შეგვიძლია, ქულების მოგროვება, თუმცა იქამდე გორში გვექნება მნიშვნელოვანი დაპირისპირება.

- შენი ძმა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ყველასთვის კარგად ცნობილი შოთა გრიგალაშვილია, რომელიც ამჟამად, რუსულ „ალანიაში“ გამოდის, მსგავსი დონის უცხოურ გუნდში თამაშზე, ალბათ, თავადაც არ იტყვი უარს…
- რა თქმა უნდა, ყველა ფეხბურთელის ოცნებაა, რომ რაც შეიძლება წინსვლა ჰქონდეს კარიერაში და არც მე ვარ გამონაკლისი. ვერ ვიტყვი, რომ შემიძლია ან არ შემიძლია ამა თუ იმ უცხოურ გუნდში თამაში. დღეს „ტორპედოში“ ვირიცხები და ამითაც დიდად ბედნიერი ვარ, ჯერ აქ უნდა ვიშრომო და გუნდს მეტად გამოვადგე, მომავალში კი თუ ხელსაყრელი შემოთავაზება იქნება დიდი სიამოვნებით განვიხილავ.

- თუ გაქვს ისეთი ოცნება, რომელიც შენს პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება?
- ერთადერთი რეალური ოცნება, ალბათ, როგორც ყველა ქართველისთვის, ეროვნულ ნაკრებში თამაშია. ჩემთვის უდიდესი სიხარული იქნება, რომ ეროვნული გუნდის მაისური ერთ მატჩში მაინც მოვირგო.

- როგორ შეაფასებ ამჟამინდელ საკუთარ სათამაშო ფორმას?
- ვთვლი, რომ ამჟამად, არ ვარ ოპტიმალურ ფორმაში და იმედი მაქვს, რომ მივაღწევ იმ დონეს, როცა მაქსიმალურად წარმოვაჩენ ჩემს თავს და ამით პირველ რიგში, მეტად გავახარებ ჩემს ოჯახს და გულშემატკივრებს.

ამასთანავე ვიტყოდი, რომ ჩვენს გუნდში დიდია კონკურენცია და ვცდილობ, რომ სათამაშო რიტმიდან არ „ამოვვარდე“.

- „ტორპედოს“ შემადგენლობაში 3 გოლი გაიტანე და ყველა თბილისის „დინამოს“ კარში, ალბათ, ეს განსაკუთრებით დაგამახსოვრდება…
- უბრალო დამთხვევაა ალბათ, რომ ასე მოხდა. რა თქმა უნდა, ყველა გუნდთან დიდი სურვილი მიჩნდება გოლის გატანის, თუმცა ავღნიშნავდი, რომ იმ გარემომ, რაც ქუთაისში „დინამოსთან“ იყო, ფეხბურთის თამაში გამიადვილა. მთავარია, გუნდისთვის ვიყო სასარგებლო ფეხბურთელი და გოლების გატანა უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანია. ისე კი, არ მეწყინება თუ ამ სეზონში სულ ექვს გოლს გავიტან და 6-ვეს „დინამოს“ კარში.

- თუ არის „ტორპედოში“ ისეთი ფეხბურთელი, ვისთანაც ყველაზე მეტად გიადვილდება თამაში?
- ჩვენ ფუნქცია ყველას ერთი გვაქვს, მხოლოდ პოზიციები განგვასხვავებს. გამორჩეულად ვინმეზე თქმა არ შემიძლია. ერთ მექანიზმად ვართ შეკრულები და ყველას ერთმანეთის გვესმის.

- ჩემპიონობის ყველაზე მთავარ ფავორიტად ვის მიიჩნევ?
- ჩემი აზრით, ფავორიტები არიან თბილისის „დინამო“, „დილა“ და „ტორპედო“. მე მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია, ორივე მათგანს ვაჯობოთ. რა თქმა უნდა, ზოგ-ზოგიერთები შეიძლება, არ დამეთანხმონ.

- 18 ნოემბერს „მეტალურგს“ მასპინძლობთ, გულშემატკივრები რეაბილიტაციის მოლოდინში არიან…
- რადაც არ უნდა დაგვიჯდეს ეს თამაში უნდა მოვიგოთ, მე და ყველა „ტორპედოს“ ფეხბურთელი გპირდებით, რომ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ.

“ტორპედოს” ოფიციალურ ვებ-გვერდი


Comments


Viewing all articles
Browse latest Browse all 377

Trending Articles