Quantcast
Channel: ინტერვიუ –ფეხბურთი,კალათბურთი,სპორტი,სპორტული სიახლეები
Viewing all articles
Browse latest Browse all 377

თორნიკე კაპანაძე –გზა კარიერის დაწყებიდან საევროლიგო გოლებამდე

$
0
0

FCTorpedo.GE

ქუთაისის „ტორპედოს“ უმაღლეს ლიგაში დაბრუნებიდან ნახევარი სეზონი იყო გასული, როცა დუბლშემადგენლობაში ს/კ „სამტრედიადან“ თავდამსხმელი თორნიკე კაპანაძე ჩაირიცხა. იგი თითქმის ერთი წელიწადის განმავლობაში თამაშობდა რეზერვისტთა ტურნირში და მაშინდელი „ტორპედო-2“-ის ერთ-ერთი საუკეთესო მეგოლეც იყო, თუმცა პირველ გუნდში ვერ მოიკიდა ფეხი და წყალტუბოს „სამგურალში“ იქნა განათხოვრებული, სადაც მან ბრწყინვალედ წარმოაჩინა თავი და 27 გოლით პირველი ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მოედანზე სისწრაფით, მოქნილობითა და ძლიერი დარტყმით გამოირჩევა, სწორედ ამიტომ შეარქვეს მეტსახელად „ელვა“. მიუხედავად იმისა, რომ შედარებით ტანმორჩილია, იგი თავით თამაშსაც არ უჩივის, რამეთუ გოლების არცთუ ისე მცირე რაოდენობა სხეულის ამ ნაწილითაც აქვს გატანილი.

თორნიკე დღეს ისევ ჩვენი გუნდის ღირსებას იცავს და „ტორპედოში“ ოფიციალურ შეხვედრაში დებიუტიდან მეორე მატჩში მან კიდევ ერთხელ მიიპყრო გულშემატკივართა ყურადღება, ამჯერად – ევროლიგაზე შესრულებული დუბლის წყალობით. 21 წლის ფორვარდი ჩვენი რესპონდენტია, გთავაზობთ ინტერვიუს…

- თორნიკე, როგორ და რა ასაკში დაიწყო შენი საფეხბურთო კარიერა?

-6-7 წლის ვიყავი, როცა მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ ფეხბურთს გავყოლოდი.ჩემი აღმზრდელი და პირველი მწვრთნელი ალეკო ადამია იყო. კარიერა კი ს/კ „სამტრედიას“ დუბლებში დავიწყე. დაინტერესების საფუძველზე, იქედან „ტორპედო-2“-ში გადმოვედი, სადაც ერთი სეზონი ვითამაშე, შემდეგ კი „ტორპედოში“ ბატონი გია გეგუჩაძე მოვიდა, რომელმაც დამაწინაურა და ერთი თვე პირველ გუნდშიც ვიყავი. ერთ დღეს კი მითხრა, რომ არ მომიწევდა თამაში, რადგან ჩემზე გამოცდილი ბიჭები ჰყავდა, თუმცა ასევე აღნიშნა – შენ შეგიძლია ფეხბურთის თამაში და მონახე ისეთი გუნდი, სადაც ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრებ ადგილსო.აქ მაშინ მართლაც იყვნენ ჩემზე გამოცდილები. მისი რჩევა გავითვალისწინე და პირველ ლიგაში მოასპარეზე წყალტუბოს „სამგურალში“ წავედი, სადაც თავიდან ცოტა გამიჭირდა ადაპტაცია, მაგრამ ღვთის წყალობით, მალევე შევეჩვიე იქაურობას და გოლების გატანაც დავიწყე.

- ქუთაისის „ტორპედოს“ რა ადგილი უჭირავს შენს კარიერაში?

- ქუთაისში დაბადებულ-გაზრდილი ვარ და „ტორპედოში“ თამაშის მნიშვნელობა ჩემთვის ძალიან დიდია. მიხარია, რომ ისევ აქ დავბრუნდი და ვფიქრობ, რომ „ტორპედოსთვის“ ყველაფერი შემიძლია გავაკეთო. პირველ რიგში, მინდა, თავდადება და ბრძოლა დავანახო გულშემატკივრებს.

- ჩვენს გუნდთან რა ხანგრძლივობის კონტრაქტი გაქვს?

- „ტორპედოსთან“ 3-წლიანი კონტრაქტი მაკავშირებს და იმედი მაქვს, რომ ჩემი გარჯით კიდევ მეტხანს გავაგრძელებ კლუბთან თანამშრომლობას.

-„ტორპედოში“ შექმნილ ვითარებას როგორ შეაფასებ?

- გუნდში კარგი სავარჯიშო პირობებია, რათა ნორმალურად ითამაშოს ფეხბურთელმა, მით უმეტეს, რომ ძირითადად ახალგაზრდები ვართ და სწორი განვითარებისთვის ეს აუცილებელია. მგონი, ყოველ მომდევნო შეხვედრაში ვაუმჯობესებთ თამაშის ხარისხს. ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო შევთამაშდებით და ქუთაისის „ტორპედოს“ არ შევარცხვენთ ეროვნულ ჩემპიონატში.

- 30 მატჩში 27 გოლი, პირველი ლიგის ბომბარდირობა პატარა საქმე არაა, თანაც ასეთი მაჩვენებლით, როგორ მიაღწიე ამას?

- პირველ რიგში, თანაგუნდელების თანადგომითა და გუნდის მთლიანი კოლექტივის დახმარებით. ძალიან კარგ ხალხში ვიყავი, მწვრთნელები: გიორგი გოგიაშვილი და სერგო ფესტვენიძე გვერდში დამიდგნენ, როგორც მეგობარს. თავიდან არ წამივიდა თამაში, მაგრამ მაინც ნდობა გამომიცხადეს და მოხდა ისე, რომ გუნდის ერთ-ერთი ლიდერიც გავხდი და სეზონი ტრიუმფალურად, ბომბარდირობით დავასრულე.

- პირველ ლიგაში გატანილი გოლების შემდეგ ევროპის ლიგაზეც დუბლით გამოიჩინე თავი, სლოვაკურ „ჟილინასთან“ სტუმრად ჩატარებულ მატჩს როგორ გაიხსენებ?

- სლოვაკეთში „ჟილინასთან“ ჩატარებული მატჩი განვლილ კარიერაში საუკეთესო იყო ჩემთვის. ისეთი გოლები გავიტანე, რომლებიც არასოდეს დამავიწყდება. სასიმოვნო იყო ისიც, რომ ამ გოლებმა გუნდის არწაგებაში თავისი როლი ითამაშა.

- რას თვლი ევროლიგის პირველ მატჩში, ქუთაისში 0:3-ის წაგების მთავარ მიზეზად?

- იყო პატარ-პატარა ხარვეზები, მთავარი პრობლემა კი, ჩემი აზრით, ის იყო, რომ ბოლომდე არ ვიყავით მზად ისეთ დონეზე სათამაშოდ, შეთამაშება არ იგრძნობოდა. სამწუხაროდ, ფაქტია, რომ ჩვენზე გამოცდილმა მეტოქემ ჩვენივე სტადიონზე გვაჯობა.

- უმაღლეს ლიგაში თამაშს შეჩვეული ჯერ არ ხარ, სავარაუდოდ, რამდენად რთული იქნება შენთვის პირველ დივიზიონზე გადართვა?

- უმაღლეს ლიგაში დებიუტი უკვე მქონდა, „სამტრედიას“ შემადგენლობაში ყოფნის დროს, თუმცა ძალზედ მცირე ხანი მომიწია თამაში. თანაც მაშინ სხვა დრო იყო და მიმაჩნია, რომ იმ პერიოდთან შედარებით ახლა გაცილებით უფრო რთული იქნება თავის გამოჩენა, მაგრამ ამ სირთულეზე გამკლავება შრომის ხარჯზე შესაძლებელი უნდა იყოს.

- შენი ქალაქის გულშემატკივრების წინაშე წინ ბევრი გამოცდა გელის…

- ქუთაისელ გულშემატკივართა ქომაგობაზე ჯერ-ჯერობით უფრო მეტი გამიგონია, ვიდრე გამომიცდია. აქ ძალიან ერთგული და მომთხოვნი ხალხია. ქუთაისელი გულშემატკივრების წინაშე, როცა გამოხვალ ბოლომდე უნდა დაიხარჯო, იმიტომ რომ ისინიც ბოლომდე იხარჯებიან შენთვის. რა თქმა უნდა, სტადიონზე ყოფნის დროს ვეცდები, რომ ყოველი ეპიზოდით გავახარო ისინი.

- ამჟამინდელ საკუთარ სათამაშო ფორმაზე რას იტყვი?

- მოგეხსენებათ, ჯერ ვერც „ტორპედო“ აჩვენებს სასურველ თამაშს, თუმცა როგორც მთლიანად გუნდი, ისე ცალკეულად მეც, ნელ-ნელა შევდივარ ფორმაში და თანდათან მომატებაც შემიძლია.

- როგორც ფიქრობ, მოახლოვებულ ეროვნულ ჩემპიონატში „ტორპედოს“ რა შანსები ექნება?

- რასაკვირველია, „ტორპედოს“ სამომავლოდ დიდი მიზნები აქვს. ახალ ჩემპიონატში კი ბევრი გუნდი იბრძოლებს მოწინავე ადგილებისთვის და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ახალგაზრდული გუნდი ვართ, „ტორპედოსაც“ შეუძლია მათ რიგებში ჩაეწეროს.

- დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებ.

ბოლოს კი გთავაზობთ სლოვაკურ „ჟილინასთან“ გამართული საპასუხო მატჩის ვიდეომასალას, რაშიც თორნიკეს მიერ გატანილი გოლებიცაა შესული. 

FCTorpedo.GE

Comments


Viewing all articles
Browse latest Browse all 377

Trending Articles