
წყალტუბოს “სამგურალის” ფეხბურთელი ლაშა ნავერიანი კარიერას ესტონეთის უმაღლესი ლიგის კლუბ, “ლოკომოტივში” გააგრძელებს. ლაშას ესტონეთში დავუკავშირდით და ახალ კლუბზე გავესაუბრეთ.
-ესტონეთში წასვლამდე საქართველოში ასპარეზობდი. როგორი იყო შენი ქართული კარიერა?
- თბილისის “დინამოს” სკოლის აღზრდილი ვარ. “დინამოში” მოხვედრამდე ჩემი მწვრთნელები მერაბ მოსიავა და ფარვიზ ნიჟარაძე იყვნენ. ბოლოს პირველ ლიგაში “სამგურალის” ღირსებას ვიცავდი.
- ესტონეთში როგორ აღმოჩნდი?
- “ლოკომოტივში” სინჯები შემომთავაზეს და დავთანხმდი. სამი თამაშის შემდეგ კონტრაქტიც გავაფორმე. მინდა ავღნიშნო, რომ საკმაოდ კარგი საცხოვრებელი და სავარჯიშო პირობები შემომთავაზეს.
- მიმდინარე სეზონში შენს ახალ გუნდს რა მიზანი აქვს?
- მთავარი მიზანი უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება არის. მინდა, რომ კლუბს დავეხმარო და შემდეგ უკეთეს გუნდში ვცადო ბედი.
- საქართველოს და ესტონეთის საფეხბურთო დონე რომ შევადაროთ, უპირატესობას რომელს მიანიჭებდი?
- საქართველოს უმაღლეს ლიგაში უფრო მაღალი დონეა, თუმცა ესტონეთის პლიუსი ის არის, რომ აქედან ევროპაში ადვილია მოხვედრა. ესტონური ლიგა უფრო პერსპექტიულია.
- ახალ ქვეყანას როგორ შეეგუე?
- პირველივე დღიდან საკამაოდ კარგად მიმიღეს. გუნდშიც ძალიან დავმეგობრდი ბიჭებტან. კლუბის ხელმძღვანელობაც საკმაოდ დიდი ყურადღებას იჩენს. აქ თავს კომფორტულად ვგრძნობ.