ზაპოროჟიეს “მეტალურგის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში, ლევან ყენია კვლავაც სხვებისგან გამორჩეულად თამაშობდა. მეტოქე გუნდის მცველები ტექნიკური ქართველის წინააღმდეგ წესების დარღვევის გარეშე, ბურთის ართმევას ვერ ახერხებდნენ. სამწუხაროდ, ყენიას “კარპატიმ” სტუმრად ვერ იმარჯვა, შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.
მატჩის შემდეგ, უკრაინელი ჟურნალისტები 22 წლის ქართველს გაესაუბრნენ.
- თამაში კარგად დავიწყეთ. მეტოქეს სწრაფი ფეხბურთი შევთავაზეთ და მალევე გოლიც გავიტანეთ. სამწუხაროდ, პირველი ტაიმის ბოლო ნაწილში დასანანი შეცდომა დავუშვით, რის გამოც, გოლი გაგვივიდა. ამ შეცდომის გამო ძალიან მნიშვნელოვანი ორი ქულა დავკარგეთ.
- რატომ ვერ ითამაშა “კარპატიმ” შეტევაში პირველი ტაიმის მსგავსად?
- მეორე ტაიმში, გამოჩნდა, რომ ენერგია დაგვაკლდა, ასეთი რამ კი ფეხბურთში ხდება. თუმცა, თამაშის ბოლოს, გვქონდა გოლის გატანის შანსები და შეგვეძლო, მატჩი მოგვეგო კიდეც, მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ.
- გაშვებული გოლის შემდეგ, ცოტათი ხომ არ მოდუნდით?
- დიახ, ასე იყო. ინიციატივა მეტოქეს დავუთმეთ, რაც შეცდომაა. სამწუხაროა, რომ ზედიზედ ორი მატჩია, სამი ქულის აღებას ვერ ვახერხებთ.
დიტო ჭიჭინაძე
Comments