23 აპრილს, რუსეთის პირველი ლიგის 29-ე ტურის მატჩები გაიმართა. ხაბაროვსკის “სკა-ენერგიამ”, რომელშიც ხუთი ქართველი ფეხბურთელი ირიცხება და ამავე დროს, ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი ქართველი, გიორგი დარასელიაა, ტომსკის “ტომს” უმასპინძლა და ფრედ, 1:1 ითამაშა.
ანგარიში მე-16 წუთზე სტუმრებმა გახსნეს, თუმცა 37-ე წუთზე “სკა-ენერგიამ” ანგარიში გაათანაბრა – გოლი ქართველმა თავდამსხმელმა, ოთარ მარცვალაძემ გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ “სკა-ენერგიას” ძირითად შემადგენლობაში იყვნენ სალუქვაძე, ნავალოვსკი და მარცვალაძე, ხოლო შოთა გრიგალაშვილი მოედანზე 84-ე წუთზე გამოჩნდა, მან მარცვალაძე შეცვალა, ხოლო ხოჯავას არ უთამაშია.
მატჩის შემდეგ, ხაბაროვსკელთა მთავარი მწვრთნელი, გიორგი დარასელია ჟურნალისტებს გაესაუბრა და თქვა, რომ “სკა-ენერგიას” ფეხბურთელებმა ხასიათი გამოავლინეს.
“გაშვებული გოლის შემდეგ, ჩემი გუნდის ფეხბურთელები არ დაიბნენ, მათ ხასიათი გამოავლინეს. კარგი მატჩი გამოდგა, ორივე გუნდმა კარგად ითამაშა. ჩვენი მთავარი გეგმა ის იყო, რომ ფლანგებზე სწრაფად გვემოქმედა და მეტოქისთვის საფრთხე სწორედ აქედან შეგვექმნა.”
დიტო ჭიჭინაძე
Comments