ბერლინის “ჰერტას” ქართველი ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი შვიდთვიანი პაუზის შემდეგ მოედანს უბრუნდება. ახლა მასზე გერმანიაში არაერთგვაროვანი წარმოდგენაა: ერთის მხრივ, კობი ბრაზილიელ ზე რობერტოსთან ერთად უცხოელ მოთამაშეთა შორის ბუნდესლიგაში ჩატარებული მატჩების რაოდენობით რეკორდსმენია – ჩვენებურს 336 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული. მეორეს მხრივ, გამოცდილ ქართველ მოთამაშეს გერმანული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი დისკვალიფიკაციის მოხდა მოუწია. შეგახსენებთ, კობიაშვილი არბიტრ ვოლფგანგ შტარკის ფიზიკურ შეურაცხყოფაში დაანადაშაულეს. გასული წლის 15 მაისს, დიუსელდორფის “ფორტუნასა” და “ჰერტას” შორის ბუნდესლიგის საგზურისთვის განმეორებითი მატჩი შედგა. შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე მოედანზე “ფორტუნას” გულშემატკივრები შეიჭრნენ, შტარკმა კი მატჩის ვადამდე დასრულების გადაწყვეტილება მიიღო, რამაც ბერლინელთა აღშფოთება გამოიწვია (ანგარიში 2:2 “ჰერტას” არ აწყობდა). ბუნებრივია, უკმაყოფილება კობიაშვილმაც გამოხატა, მისი შტარკთან ურთიერთობა კი ქართველი მოთამაშის შვიდთვიანი დისკვალიფიკაციით დასრულდა. გაზეთ “სოვეტსკი სპორტის” ყოველკვირეულმა დამატება – “ფუტბოლმა” ლევანთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, რასაც Fanebi.Com-ი აქვე გთავაზობთ.
“შტარკისთვის არ დამირტყამს”
- არავის არავისთვის არ დაურტყამს! გერმანიის ფეხბურთის ფედერაციაში მატჩის გადათამაშება არ სურდათ. ევროპის ჩემპიონატი იწყებოდა, ნაწილი ფეხბურთელები შვებულებაში იყვნენ, ნაწილი კი – ნაკრებში. დიუსელდორფში ბუნდესლიგაში დაბრუნების აღსანიშნავად ზეიმი უკვე დაწყებული იყო. ფედერაციისთვის საუკეთესო ვარიანტი ყველაფრის “ჰერტასთვის” გადაბრალება იყო. მათ შემთხვევითი წესით წაიკითხეს ჩვენი გუნდის ოთხი ფეხბურთელის გვარი და ზოგს ხუთმატჩიანი, ზოგსაც შვიდმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს. მე კი მთელი პირველი წრის გამოტოვება მომიხდა.
- შტარკს მხოლოდ ეკამათეთ?
- ბიჭები აღშფოთდნენ. აინტერესებდათ, რატომ ასრულებდა მსაჯი მატჩს ნაადრევად. მე მათ შორის არ ვიყავი… შტარკის სიტყვებს რომც დავუჯეროთ, მე ნახევარწლიან დისკვალიფიკაციას არ მაკმარებდნენ. მსაჯის დარტყმისთვის ეს მინიმალური სასჯელია. შტარკის თქმით, მე მას გავეკიდე და დავარტყი ისე, რომ ლამის ფეხი მოსტყდა. ყველაფერი ასე რომ ყოფილიყო, მინიმუმ ერთწლიან დისკვალიფიკაციას მომცემდნენ, შეიძლება ორწლიანიც მოეცათ. ფედერაციაში მიხვდნენ, როგორ განვითარდა სინამდვილეში მოვლენები და ნახევარწლიანი დისკვალიფიკაცია მაკმარეს.
- და ჯარიმა 60 ათასი ევროს ოდენობით…
- ფულადი სასჯელი ჯერჯერობით უცნობია, ამას ადვოკატები არკვევენ. შესაძლოა, უფრო ცოტა ან უფრო მეტის გადახდა დამაკისრონ. კარგია, რომ სისხლის სამართლის საქმე არ აღძრეს. ამის საშიშროებაც არსებობდა.
- როგორია, როცა სრულიად ჯანმრთელი და მეტად საჭირო ფეხბურთელი ნახევარი წლის განმავლობაში გუნდის თამაშებს გვერდიდან უყურებს?
- ვცდილობდი, ამაზე ბევრი არ მეფიქრა. სეზონის შესვენების დროს საქმე გაცილებით გაიოლდა – ყველანი ერთად ვმუშაობდით, თუმცა მატჩების განახლების შემდეგ ისევ გამიჭირდა. გასული წელი ჩემი კარიერის ყველაზე ცუდი პერიოდი იყო. ერთადერთი პლუსი ის გახლდათ, რომ კლუბმა მხარდაჭერა გამომიცხადა. დისკვალიფიკაციის გამოცხადების შემდეგ “ჰერტამ” მადლიერების ნიშნად ერთი წლით კონტრაქტის გახანგრძლივება შემომთავაზა.
- იმ ავადსახსენებელი მატჩის შემდეგ სადმე თუ გადაეყარეთ შტარკს?
- არა, არ მინახავს. მას ჩემს მტრად არ ვთვლი. კი ბატონო, შეცდომა დაუშვა, როცა ასეთი განცხადება გააკეთა, მაგრამ მე მესმის მისი. ვფიქრობ, ფედერაცია მას ამ ყველაფერს მაინც გააკეთებინებდა.
- რას გულისხმობთ?
- “ჰერტა” გადათამაშებას მოითხოვდა. “ფორტუნას” გულშემატკივრები მატჩის დასრულებამდე ნახევარი წუთით ადრე მოედანზე შეიჭრნენ. გამარჯვების გოლის გატანის შესაძლებლობა ჯერ კიდევ გვქონდა, რაც მინდორზე გამოვარდნილმა ხალხმა წაგვართვა. ასეთ პირობებში მოედანზე დაბრუნების შეგვეშინდა. ფედერაციამ კი ყველაფერი უკუღმა დააყენა. “ჰერტას” ფეხბურთელები მსაჯის მიმართ აგრესიის გამოხატვაში დაგვადანაშაულეს.
გვეყო ამაზე საუბარი. არ მინდა, ახალი წელი ცუდი ამბების თხრობით დავიწყო. ოჯახთან ერთად ერთი კვირით თბილისში გავემგზავრე, მშვენივრად დავისვენე. ძალები აღვიდგინე და თამაშის სურვილი მაქვს. ყველაფერი ნორმალურად არის.
“გამორთე მოტორი!”
- გაგიჭირდათ გერმანულ გარემოსთან შეგუება?
- რა თქმა უნდა. აქ ყველაფერი სხვაგვარადაა. ერთხელ ავტომობილით მივედი იქ, სადაც მანქანა დასაშვები არ არის. პოლიციელმა გამაჩერა. აღმოჩნდა, რომ სამართალდამცავი “ჰერტას” გულშემატკივარი იყო და უპრობლემოდ გამიშვა. ასეთები გერმანიაშიც ხდება. ყველაზე მეტად ჩემი გაკვირვება ნაგვის ტომრებმა გამოიწვია, რომლებიც შესაბამისად არის დახარისხებული. მინები ერთ პაკეტშია, ქაღალდები – მეორეში და ასე შემდეგ. ერთი ასეთი შემთხვევაც გამახსენდა: მეუღლეს ავტომობილში ვუცდიდი და მოტორი არ გამოვრთე. ჩემთან გერმანელი მოვიდა და ასეთი რამ მითხრა: “გამორთე მოტორი, გარემოს დაბინძურება არ შეიძლება”. ჩემთვის ეს ნამდვილი შოკი იყო. რა შენი საქმეა? შენს საქმეს მიხედე! დრო გავიდა და მივხვდი, რომ დისციპლინა ცუდი რამ არ ყოფილა. გერმანიამ ამ მხრივ ბევრი რამ მასწავლა.
- “მხოლოდ გერმანიაში გავიგე, რომ რუსეთში არსებობენ მეგობრები, აქ კი – კოლეგები”, – ეს სიტყვები პაველ პოგრებნიაკმა თქვა, როცა “შტუტგარტში” გადავიდა.
- გასაგებია. პაველი მისთვის სრულიად უცნობ ქვეყანაში ჩამოვიდა, აქაური ურთიერთობები მისთვის უცხო იყო. მე სულ სხვა სიტუაცია მქონდა. “ფრაიბურგში” გადავედი, სადაც უკვე იყო სამი-ოთხი ქართველი – ჩემი საუკეთესო მეგობრები! არ მჭირდებოდა არც გერმანელებთან ამხანაგობა და არც არავისთან. სხვათა შორის, ამის გამო გერმანული ენის სწავლის პრობლემაც შემექმნა. ვარჯიშებზე მხოლოდ ქართველებთან ვურთიერთობდი. როგორ უნდა მელაპარაკა ქართველებთან გერმანულად? როდესაც “შალკეში” გადავბარგდი, გერმანულის სწავლაც მომიწია…
- ბევრი ფეხბურთელი იცით, რომელიც ალკოჰოლს ეძალება?
- ეს პრობლემა ახალგაზრდებს აწუხებთ. ჩვენც გვიჭირდა. რუსეთსა და საქართველოში ამის საშუალება არ გვქონდა, ევროპაში ყველაფერი სხვაგვარადაა. აქ თავისუფლებაა. შეგიძლია მთელი ღამე გაერთო. თუ ახალგაზრდა კლუბური ცხოვრებით დაკავდა, მისი შეცვლა რთული გახდება. ასე რომ, მნიშვნელოვანია, ყმაწვილ ფეხბურთელს გონიერი თანაგუნდელები ჰყავდეს. ძალიან ბევრმა ნიჭიერმა ახალგაზრდამ გაიფუჭა მომავალი.
- ბუნდესლიგაში ჩატარებული მატჩების რაოდენობით რეკორდი დაამყარეთ – 336 შეხვედრა ჩაატარეთ. ასეთივე მაჩვენებელი აქვს ბრაზილიელ ზე რობერტოს. რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ერთპიროვნული რეკორდსმენი გახდეთ?
- ასე ვიტყოდი: ეს მონაცემები ძალზედ საამაყოა, მაგრამ ამაზე გაჩერებას არ ვაპირებ. “ჰერტა” მეორე ბუნდესლიგაში კარგად გამოიყურება. ასე რომ, მაქვს იმედი, ჩემს სტატისტიკას გავაუმჯობესებ.
“დროა, ჯანომ ნაბიჯი წინ გადადგას”
- ინტერვიუს მზადებისას ოთხი წლის წინანდელ სათაურს წავაწყდი: “კობიაშვილმა “ატლეტიკოს” წინააღმდეგ მატჩში “გაზპრომის” მაისურით თამაშზე უარი განაცხადა”.
- იყო ასეთი შემთხვევა…
- როგორ შეხვდა “შალკეს” ხელმძღვანელობა ამგვარ დემარშს?
- ტკივილით ვიხსენებ იმ დღეებს, როცა სამხრეთ ოსეთსა და საქართველოში საომარი მოქმედებები დაიწყო. მაშინ ჩემი ოჯახი სამშობლოში ისვენებდა. 2008 წლის 8 აგვისტო – ეს თარიღი ამ დრომდე ტრიალებს გონებაში. ეს ჩემი მხრიდან საპროტესტო აქცია არ გეგონოთ. უბრალოდ, იმ დროს მოედანზე გასასვლელად მზად არ ვიყავი, თანაც “გაზპრომის” წარწერით. საკმაოდ მძიმე სიტუაციაა, რომელიც გინდა, რომ მალე დაგავიწყდეს, მაგრამ დაგვავიწყდება კი? პოლიტიკა არასასიამოვნო თემაა, ამიტომ მას არ შევეხები. ამ საკითხში ბევრი უსიამოვნო რამაა.
- კიდევ არსებობს დაძაბულობა?
- რუსეთთან ურთიერთობაში? არა, არა, რუსეთში ბევრი მეგობარი მყავს, რომლებსაც ყოველთვის დიდი სიხარულით ვნახავ. ქართველები ცხოვრობენ რუსეთში, რუსები ჩვენთან დასასვებენლად ჩამოდიან. პოლიტიკა ცალკე საკითხია.
- “სპარტაკის” ნახევარმცველ ჯანო ანანიძეს რუსეთის მოქალაქეობის მიღება შეეძლო. როგორ შეხვდებოდნენ ქართველები ამას? გაუგებდნენ?
- გაუგებდნენ, მაგრამ ჯავრს მაინც იყრიდნენ. ჯანო ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია, ამიტომ მნიშვნელოვანია, ის საქართველოში თამაშობდეს. ადამიანურადაც ასეა… მას მთელი ოჯახი საქართველოში ჰყავს, აქ დაიბადა. როგორ შეხედავდნენ შემდეგ მას? ძალიან კარგია, რომ ბიჭი პატარაობიდანვე ისეთ კლუბში ვარჯიშობს, როგორიც “სპარტაკია”, თუმც ამის გამო მოქალაქეობა არ უნდა შეეცვალა.
- ჯანოსთან ერთად ნაკრებში გითამაშიათ. როგორ ფიქრობთ, რა აკლია მას იმისთვის, რომ “სპარტაკის” ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდროს?
- ოთხი წლის წინ მასზე უკვე ამბობდნენ, რომ ნიჭიერია. არიან ფეხბურთელები, რომლებზეც 26-27 წლის ასაკშიც ამბობენ, რომ პერსპექტიული და ნიჭიერია. ჯანო უკვე 20 წლისაა, დროა, ნაბიჯი წინ გადადგას და “სპარტაკის” ლიდერი გახდეს. ახალგაზრდა ფეხბურთელები ხშირად უჩივიან მწვრთნელს უნდობლობის გამო. ამის მაგივრად ერთ კითხვას უნდა გასცე პასუხი – შენ თუ აკეთებს ყველაფერს სწორად? იქნებ ჯობდეს კიდეც, ანანიძე უფრო მოკრძალებულ გუნდში იჯარის წესით გადავიდეს. სამი-ოთხი წელი უქმადაა, თვეში ჩატარებული ერთი მატჩი კი სარგებლობას ვერ მოიტანს.
ბექა დოგრაშვილი
Comments