Quantcast
Channel: ინტერვიუ –ფეხბურთი,კალათბურთი,სპორტი,სპორტული სიახლეები
Viewing all 377 articles
Browse latest View live

სოლომონ კვერკველია: “თბილისში მითხრეს, რომ ჩემგან ფეხბურთელი არ დადგებოდა”

$
0
0
სოლომონ კვერკველია_0804

საქართველოს ნაკრების და “რუბინის” მცველმა სოლომონ კვერკველიამ Championat.ru-ს ინტერვიუ მისცა. საქართველოს 2014 წლის საუკეთესო ფეხბურთელმა  საკმაოდ საინტერესო თემებზე ისაუბრა.

- ფეხბურთის თამაში როგორ დაიწყეთ? 

- მამაჩემი ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია, დედას კი უნდოდა, რომ მესწავლა. თუმცა, მე ბურთი ავირჩიე. საქართველოში ძალიან ბევრი ფეხბურთელია, თუმცა პროფესიონალების ნაკლებობაა. ჩემს შემთხვევაში დიდი როლი რევაზ ჩელებაძის გაცნობამაც ითამაშა, რომელიც ჩემი აგენტი გახდა.

- მშობლებს ამის გამო არ უჩხუბიათ? 

- არა, იმიტომ რომ ყოველთვის ვიცავდი რეჟიმს და ვარჯიშებზეც ბოლომდე ვიხარჯებოდი. ბავშვობიდან ჩემი მთავარი სათამაშო ბურთი იყო და დედაც შეეგუა ამ გატაცებას. ბოლოს იმასაც მეუბნებოდა, რომ ცხოვრებაში მთავარი ფეხბურთია. დედა ჩემი ნამდვილი მეგობარია და მასთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს.

- როდის დაგჭირდა მშობლების მხარდაჭერა ყველაზე მეტად? 

- 15 წლის ასაკში სამტრედიიდან თბილისში წავედი, რათა ბედი ერთ-ერთი დედაქალაქურ კლუბში მეცადა, მაგრამ იქ მითხრეს, რომ ჩემგან ფეხბურთელი არ დადგებოდა და პროფესია უნდა შემეცვალა. სახლში დავბრუნდი და დედას ვუთხარი, რომ ფეხბურთს აღარ ვითამაშებდი. სწორედ ამ დროს ვიგრძენი მშობლების მხარდაჭერა და გვერდში დგომა ყველაზე მეტად.

- “ზენიტში” თქვენი შესაძლებლობლები ღირსეულად შეაფასეს?

-  რუსეთში ჩასვლისას რუსულად ერთი სიტყვაც არ ვიცოდი. დუბლშემადგენლობის მწვრთნელი ანატოლი დავიდოვი ძალიან დამეხმარა. მას ჩემი არ ესმოდა, მაგრამ იცოდა თუ რისი მიღწევა მსურდა. მას დიდი მადლობას ვუხდი. “ზენიტში” წელიწადნახევარი გავატარე, მაგრამ პეტერბურგელებმა საკუთარ შემადგენლობაში ჩემი ხილვა არ ისურვეს. საბედნიეროდ ამ დროს “რუბინის” ვარიანტი გამოჩნდა.

- ყაზანში თქვენი კარიერა კარგად წაიმართა და მალევე სადებიუტო მატჩი ჩაატარეთ. ძალიან ნერვიულობდით? 

- კარგად მახსოვს… ყურბან ბერდიევმა დამიძახა და მითხრა, რომ “ტერეკთან” ვითამაშებდი. გამოცდილება არ მქონდა, თუმცა თავის გამჩენის დიდი სურვილი იყო. არაფრის არ მეშინოდა. უბრალოდ ჩემი მიზნისკენ მივდიოდი. იმ სეზონში 8 შეხვედრა ჩავატარე და “რუბინმაც” 3-წლიანი კონტრაქტი შემომთავაზა.

- “ლიონთან” შეხვედრის დროს წარუმატებელი ვარდნა ავტოგოლით დასრულდა… რა იგრძენით იმ ეპიზოდში? 

- არანაირი ავტოგოლი არ ყოფილა. კარის მიმართულებით არ დამირტყავს, უბრალოდ ბურთი უხერხულად მომხვდა და კარში შევარდა. ისე კი ფეხბურთის უამრავ მსოფლიო დონის ვარსკვლავს აქვთ ავტოგოლი გატანილი. ჩვენც ხომ ადამიანები ვართ…

- “რუბინის” შემადგენლობაში პირველი გოლი “ამკარს” გაუტანეთ. კარგად გახსოვს?   

- დიახ, ის შეხვედრა წავაგეთ მიუხედავადა იმისა, რომ 84-ზე ანგარიშის გათანაბრება შევძელი. ლამაზი გოლი გამოვიდა. გოლების გატანა მიყვარს და იმედია ამას ხშირად გავაკეთებ.

- 2012 წელს თამაში ნაკლებად გიწევდათ და ალბათ გულიც გწყდებოდათ…

- ვიცოდი, რომ გუნდში ბევრი ძლიერი მცველია – ბოკეტი, ნავასი, შარონოვი. შემდეგ კი მარკანოც ჩამოვიდა. სათამაშო პრაქტიკის გარეშე დავრჩი და ბერდიევს იჯარით გაშვება ვთხოვე. საბოლოოდ “ნეფტექიმიკში” აღმოვჩნდი. იქ პირველი წრის ყველა თამაში ჩატარე და ბერდიევმაც მალევე უკან დამაბრუნა.

- ამის შემდეგ ნაკრებშიც გამოგიძახეს. სანაკრებო მეტოქეებიდან ვის გამოარჩევდით? 

- ლევანდოვსკი. ის საოცარი ფორვარდია, ნამდვილი მანქანა.

- საქართველოში 2014 წლის საუკეთესო ლეგიონერად და საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდით. ელოდით მოვლენათა ასეთ განვითარებას? 

- სიმართლე რომ გითხრათ ერთ-ერთი პრიზის აღებას ველოდი. სეზონი კარგად ჩავატარე. ძალიან ბედნიერი ვარ და ეს აღიარება ჩემთვის უმნიშვნელოვანესი იყო. ასევე მინდა ავღნიშნო ჩემი კონკურენტების კარგი თამაში. ოქრიაშვილი და კანკავა შესანიშნავი ფეხბურთელები არიან.

- ბოლო დროს მოსკოვის “დინამოს” ინტერესზე ბევრს საუბრობენ. მზად ხართ მოსკოვში გადასაბარგებლად? 

- ინტერესის შესახებ მსმენია, მაგრამ კლუბიდან პირადად მე არავინ დამკავშირებია. რა თქმა უნდა სასიამოვნოა, როცა შენი თამაშით მოსკოვური კლუბები ინტერესდებიან, თუმცა “რუბინში” ბედნიერი ვარ და ოფიციალურ წინადადებამდე ამ თემაზე საუბარი არ მსურს.

- რამოსი, პიკე თუ გოდინი? 

- ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო ცენტრალური მცველი სერხიო რამოსია.

- ლობიო, ჩახოხბილი თუ საცივი?

- საუკეთესო კერძი ხინკალია. ყაზანში ერთი ძალიან კარგი რესტორანია, სადაც ხშირად დავდივარ.

- ღვინო, ლუდი თუ წვენი? 

- ვისკი და კოლა. ისიც ძალიან იშვიათად… საახალწლოდ ან დაბადების დღეზე.


ნიკა საბანაძე: „ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ საკუთარ სახლში დავბრუნდი“

$
0
0
1421606738_IMG_3568

ნიკა საბანაძე ის ფეხბურთელია, რომელიც ფართო საზოგადოებამ ქუთაისის „ტორპედოში“ გაიცნო. სპორტსკოლა „ავაზადან“ გადმოსულმა პროფესიონალური კარიერა სწორედ აქ დაიწყო. პროგრესის შედეგად, 2011/12 წლების სეზონიდან უკვე ძირითად შემადგენლობაშიც დაიმკვიდრა ადგილი. ფორვარდის წარმატებული თამაში შეუმჩნეველი არც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების სამწვრთნელო შტაბს დარჩენია – მან 21-წლამდე ნაკრებშიც ჩაატარა მატჩები. ქუთაისელთა რიგებში კი, 111 ოფიციალური თამაში ჰქონდა გამართული, როცა ს. კ. „ზესტაფონში“ გადავიდა, იქედან – თბილისის „დინამოში“, სადაც ასევე ნახევარი სეზონი გაატარა და ქუთაისში დაბრუნდა. მისი თანამემამულე არაერთი მეკარის შეფასებით, ეროვნულ პირველობაზე მონაწილეთა შორის იგი საჯარიმოში ერთ-ერთი ყველაზე სახიფათოა.

23 წლის ფორვარდი ჩვენი საიტის რესპონდენტია…

 - ნიკა, ალბათ, გახსოვს, 5 წლის წინ, შენთან პირველი ინტერვიუ რომ ჩავწერეთ, როგორც „ტორპედოს“ ახალბედა ფეხბურთელთან, რა შეიცვალა მას შემდეგ შენს ცხოვრებაში?

- როგორ არ მახსოვს?! პირველად, როცა „ტორპედოში“ მოვედი, ბევრი გამოცდილი ფეხბურთელი დამხვდა გუნდში. მათგან საკმაოდ ბევრი რამ ვისწავლე. თანდათან თამაშებითაც მივიღე გამოცდილება. სხვანაირად შევხედე ცხოვრებას და საზოგადოდ, ფეხბურთს, რაც მთავარია, უფრო პროფესიონალურად. მას მერე 180 გრადუსით შეიცვალა ყველაფერი უკეთესობისკენ.

 - ფეხბურთის მოყვარულებმა სწორედ „ტორპედოში“ გაგიცნეს, რა როლი ითამაშა ამ კლუბმა შენს განვითარებაში?

- ამ კლუბმა ჩემს პერსპექტივაში ხელი ძალიან შემიწყო, წინსვლა და წარმატება მომიტანა აქ ყოფნამ. „ტორპედო“ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი და ტრადიციული კლუბია. საერთოდ, ქუთაისში ყველაზე შესამჩნევი საფეხბურთო გარემოა. ჩემი აზრით, აქ ყველაზე მეტად უყვართ ფეხბურთი და საუკეთესოდ აფასებენ ფეხბურთელებს, ამასთან ერთად, იციან კიდეც ფეხბურთიც. ქუთაისი მოსიყვარულე ქალაქია. თავის დროზე აქაურებმა ძალიან თბილად მიმიღეს, ახლა კი, თითქმის ყველა მიცნობს. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ საკუთარ სახლში დავბრუნდი.

 - ამჯერად რა მიზანი გექნება „ტორპედოსთან“ ერთად?

- „ტორპედო“ ისტორიაში მე-13 ადგილზე ჯერ საერთოდ არ ყოფილა და ძალიან უხერხულია ეს, მაგრამ ჩვენ იმისთვის მოვედით, რომ წინ და წინ წავიყვანოთ გუნდი. აუცილებლად გამოვასწორებთ საქმეს. მნიშვნელოვანი თამაშები გველის, თუნდაც ამ სეზონშიც. სამეულში შესვლა წელს იდეალური იქნება. შესაძლებელია, თასიც ავიღოთ. ჩვენს გულშემატკივრებს მოვუწოდებ, რომ ყველამ ერთად ვიბრძოლოთ გამარჯვებებისთვის. მინდა, კიდევ ბევრჯერ დავამახსოვრო ქუთაისელებს თავი.

 - „ტორპედოში“ დღემდე 28 ოფიციალური გოლი გაქვს გატანილი, მათგან ყველაზე სამახსოვრო რომელი იყო შენთვის?

- ყველაზე ლამაზი გოლი, ვიტყოდი, რომ 25-ე ეროვნული ჩემპიონატის მე-2 ტურში სტუმრად „ზესტაფონთან“ გავიტანე, როცა დუბლიც შევასრულე და ჩემმა გუნდმაც მოიგო(3:2). ყველაზე ისტორიული კი ის იყო, როცა ევროპის ლიგაზე ყაზახურ „აქტობესთან“ მატჩში გავხსენი ანგარიში. მუდამ დაუვიწყარი იქნება ორივე ჩემთვის. წარსული კარგია, ხალხს ახსოვს, თუმცა მე მხოლოდ მომავალს ვუყურებ…

- საქართველოს წამყვან კლუბებში გითამაშია, თუმცა ჯერჯერობით გუნდური ტიტული არ გაქვს მოგებული…

- ყველაზე ახლოს „ტორპედოსთან“ ერთად ვიყავი, მაგრამ თასის ფინალში არ გაგვიმართლა და „გაგრასთან“ წავაგეთ. გულდასაწყვეტი იყო ყველა ჩვენგანისა და მთლიანად ქუთაისისთვის. გეთანხმებით, ლიდერ კლუბებში როცა ხარ, ტიტული აუცილებელია. ეს ერთგვარი გვირგვინია, გაღებული შრომის შემდეგ. იმედია, მომავალში მაინც მექნება ეს ბედნიერება.

 - სხვათა შორის, თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში ერთ-ერთი ყველაზე კარგი მატჩი სწორედ ქუთაისში ჩაატარე. ფაქტობრივად, შენმა გოლებმა გადაწყვიტა „ქართულ კლასიკოში“ გამარჯვებულის ბედი. იმ დღეს როგორ გაიხსენებ?

- ის გოლებიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. მე მაშინაც ვგრძობდი, რომ ქუთაისში ვუყვარდი ადამიანებს. არ დამავიწყდება, თამაშის შემდეგ როგორი ტაშით გამაცილეს მოედნიდან. როგორც ვიცი, ასეთი ჟესტი აქამდე სხვა არც ერთი დინამოელის მიმართ არ ჰქონიათ. ისე მიხაროდა, თბილისამდე მთელი გზა ეიფორიაში ვიყავი. ვეცდები ყველანაირად, რომ ჩემი კიდევ ერთი ვალიც გადავიხადო ქუთაისელი ქომაგების მიმართ და შემდეგ „კლასიკოში“ უკვე „ტორპედოს“ მაისურით გავიტანო გოლები(იცინის).

- საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებშიც გითამაშია, თუმცა უკვე იმ ასაკში აღარ ხარ, რომ კიდევ 21-წლამდელებში ითამაშო. როგორ ფიქრობ, ეროვნულ ნაკრებში რომ გამოგიძახონ, სათამაშოდ მზად ხარ?

- რა თქმა უნდა, მე ყოველთვის მზად ვარ. ძალიან დიდი პატივი იქნება, თუ კახი ცხადაძე შანსს მომცემს. ყველაფერს გავაკეთებ იმის დასამტკიცებლად, რომ ნაკრებში თამაშის ღირსი ვიყო.

 - „ტორპედოს“ არაერთ მწვრთნელთან გქონდა შეხება, გიორგი დარასელიასთან ერთად კი პირველად მუშაობ…

- ბატონი გიორგი „ტორპედოში“ დაბრუნების შემდეგ გავიცანი. იგი ძალიან დადებითი პიროვნება და თავისი საქმის პროფესიონალია. მოედნის გარეთ ბიჭების მეგობარია, მოედანზე კი არანაირი დანდობა და ძმაკაცობა არ არსებობს. მის მიდგომას ვიზიარებ, რომ, თუ იმსახურებ, მიიღებ კიდეც. სხვანაირად მაღალი დონის გუნდი არ გვეყოლება.

 - დღევანდელი „ტორპედო“ რა სიძლიერის გუნდია?

- რა თქმა უნდა, ყველა მეტოქეს პატივს ვცემთ, თუმცა ჩვენი კონტიგენტიდან გამომდინარე, ვფიქრობ, ყველა ქართულ გუნდს შეგვიძლია მოვუგოთ. მინიმუმ, სერიოზულ წინააღმდეგობას მაინც გავუწევთ ყველას.

  - თურქული შეკრებაც ახლოვდება, რას ელოდები ამ ეტაპისგან?

- პირველ რიგში, შეთამაშებას. რამდენიმე ფეხბურთელთან შეხება აქამდე არ მქონია. ჯერ არც ერთი ამხანაგური თამაში არ გვითამაშია, ამიტომ ყველანი ველოდებით ახალ მოსამზადებელ ეტაპს. ვეცდებით, რომ რაც შეიძლება მალე მოვახერხოთ გუნდის დალაგება. დიდი იმედი მაქვს მთავარი მწვრთნელის და რასაკვირველია, ბიჭებიც ხელს შევუწყობთ.

 - წინა ხაზში საკმაო კონკურენცია შეიქმნა, ამ საკითხს როგორ ხედავ?

- თუ გუნდში კონკურენცია არაა და განაღდებული გაქვს თამაში, ეს ფეხბურთელის მოდუნებას იწვევს. როცა ესა თუ ის მატჩი „ჩაგივარდება“, უკვე ჩვეულებრივ ამბად აღიქვამ. ამიტომ აუცილებელია კონკურენცია, რათა სულ მობილიზებულად იყო. საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო წინა ხაზი ჰყავს დღეს „ტორპედოს“.

 - და ბოლოს, ცოტა შორს წავიდეთ… შენი ფავორიტი ფეხბურთელი შვედი ზლატან იბრაჰიმოვიჩია, რომელსაც თამაშის მანერით გამგვანებენ კიდეც…

- ჰოლანდიურ „აიაქსში“ ყოფნიდან მოყოლებული, როცა მე ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, მართლაც ჩემი ფავორიტია. მისი ეფექტური გოლები არამარტო მოწონებას იმსახურებს. მეც ფორვარდი ვარ და თამაშით სტილით ვცდილობ, რაღაცებში მაინც მივბაძო, მაგრამ რამდენად გამომდის ეგ არ ვიცი(იცინის).

- დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებ.

FCTorpedo.GE

სიჭინავა სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აღარ აპირებს

$
0
0
ზვიად სიჭინავა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა წელს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.

ამის შესახებ სიჭინავამ გაზეთ “პრაიმტაიმისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

“არ ვაპირებ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. ადამიანს უნდა ჰქონდეს გრძნობა, რომ ამოწურე შენი მაქსიმუმი. დამრჩა ორი საქმე, რომელიც მართლა მინდა, რომ ბოლომდე მივიყვანო. ერთია ბაზის მშენებლობა, რომელიც რამდენიმე თვეში დასრულდება და მეორე – მინდა, 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალი წამოვიღო საქართველოში. ამას გავაკეთებ და თავისუფალი ვიქნები. ფინალის წამოღება საქართველოში 4 ქალაქის ამუშავებას ნიშნავს: გორის, მცხეთის, რუსთავის და თბილისის. ეს არის მნიშვნელოვანი. სხვანაირად ვუყურებ. არ შემიძლია, რადგან რამდენიმე თვე დამრჩა, ხელები ჩამოვყარო. უფრო მეტად უნდა ვიაქტიურო, მეტი გავაკეთო, რადგან, ვინც ჩემ შემდეგ მოვა, მან უფრო მეტს მიაღწიოს”, – ციტირებს სიჭინავას სიტყვებს “პრაიმტაიმი”

 

ლევან ყენია: “მთავარია, რომ ტრავმები არ მაწუხებს”

$
0
0
levan_kenia_trenink

ლევან ყენია პრაღის “სლავიას” 3 თვის წინ შეუერთდა და ზამთრის პაუზამდე ჩეხეთის ჩემპონატის ორ შეხვედრაშიც მოასწრო თამაში. “სლავია” ამჟამად სლოვაკეთში ემზადება სეზონის განახლებისთვის. პრაღული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ქართველ მოთამაშეს საინტერესო თემებზე ესაუბრა.

- დაახლოებით სამი თვეა რაც “სლავიაში” ხართ. გუნდთან შეგუების პროცესი დასრულდა? 

- აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. გუნდში მეგობრული ატმოსფეროა. რა თქმა უნდა ძალიან მეხმარება მარტინ ლატკა, რომელიც ნებისმიერი პრობლემის მოგვარებაში გვერდში მიდგას.

- ჩეხეთის ჩემპიონატში ორი მატჩი ჩაატარე. როგორ შეაფასებდი ლიგის დონეს?

- ფიზიკურად აქ საკმაოდ კარგად არიან მომზადებულები, თუმცა ტაქიკური თვალსაზრისით გერმანიის პირველ და მეორე ბუნდესლიგაშიც თამაში გაცილებით რთულია. ჩეხეთის ლიგა დაახლოებით უკრაინის ჩემპიონატის დონეზეა.

- თქვენს კარიერაში ყველაზე დიდი კლუბი “შალკეა”. როგორ გაიხსენებდით გელზენკირხენში გატარებულ პერიოდს? 

- “შალკეში” 17 წლის ასაკში დავიწყე თამაში და ეს ჩემს კარიერაში უმნიშვნელოვანესი მომენტი იყო. 18 წლის ასაკში ჩემი მწვრთნელი ფელიქს მაგათი გახდა, თუმცა სამწუხაროდ ტრავმების გამო სამი ოპერაცია დამჭირდა და დიდი დროც გამიცდა.

- 14 წლის ასაკში კი “ბარსელონაში” იმყოფებოდით ტესტირებაზე, რაც ნებისმიერი ახალგაზრდა მოთამაშის ოცნებაა… 

- შესანიშნავი გამოცდილება იყო, ახდენილ ოცნებას გავდა. იქ ორი კვირა ვიყავი და ბევრი რამ ვისწავლე, რასაც დღესასც ვიყენებ მოედანზე.

- გასულ სეზონში დიუსელდორფის “ფორტუნას” შემადგენლობაში თამაშობდით, სადაც მარტინ ლატკა გაიცანით. თქვენი “სლავიაში” გადასვლა მისი დამსახურება ხომ არ არის? 

- გარკვეულწილად მისი დამსახურებაცაა. ჩეხეთშიც და მის ფარგლებს გარეთ სხვა ვარიანტებიც მქონდა, თუმცა საბოლოო არჩევანის დროს მარტინმაც ითამაშა გარკვეული როლი.

- რა იქნება “სლავიას” მაქსიმუმი მიმდინარე სეზონში? 

- რთული სათქმელია… ვფიქრობ, რომ გუნდს ევროთასების ზონაში მოხვედრა შეუძლია.

- ამჟამად სლოვაკეთში მოსამზადებელ შეკრებას გადიხართ. როგორ შეადარებდი სხვა გუნდების შეკრებებს? 

- გერმანიაში შეკრებები განსხვავდება, მაგრამ საერთო ჯამში კარგი ვარჯიშები გვაქვს. ახლა მთავარია, რომ ტრავმები არ მაწუხებს. შეკრების მომდევნო ეტაპს თურქეთში გავივლით.

- “სლავიას” თავკაცმა მიროსლავ ბერანეკმა განაცხადა, რომ გუნდს თქვენი დახმარებით სათამაშო სტილის შეცვლა შეუძლია. სასიამოვნოა მწვრთნელის ასეთი ნდობა? 

- რა თქმა უნდა სასიამოვნოა, როდესაც მწვრთნელი გენდობა. ასეთ დროს თამაშიც გაცილებით ადვილი ხდება.

- პრაღაზე რას იტყვით? 

- აქ ოჯახთან ერთად ვცხოვრობ, ორი შვილი გვყავს. მყუდრო ბინა ვიქირავეთ და ქალაქშიც ხშირად ვსეირნობთ. პრაღა ძალიან ლამაზია. ხშირად ვსტუმრობთ ცენტრში მდებარი ქართულ რესტორანს.

ნუგზარ კვირტია: “მუქარის გამო იძულებული ვიყავი ტუნისი დამეტოვებინა”

$
0
0
528665_384027908315715_601396015_n

საქართველოში დაბრუნების და ლანჩხუთის “გურიაში” თამაშის შემდეგ ნუგზარ კვირტიამ კარიერის გაგრძელება კვლავ საზღვარგარეთ გადაწყვიტა და მიმდინარე სეზონის სტარტზე ტუნისს მიაშურა, სადაც ადგილობრივი “ზარზისის” მოთამაშე გახდა. 30 წლის ნახევარმცველს ტუნისური ამბების გასაგებად დავუკავშირდით, თუმცა მოთამაშემ საკმაოდ უსიამოვნო ფაქტების შესახებ გვიამბო.

- საინტერესოა როგორ აღმოჩნდა ქართველი ფეხბურთელი ტუნისში და რისი თქმა შეგიძლიათ ადგილობრივ ფეხბურთზე?

- ტუნისში მოხვედრა ჩემი ფრანგი ახლობლის დახმარებით მოვახერხე. “გურიიდან” წასვლის შემდეგ ბაქოში წავედი ოჯახთან, როდესაც ტუნისის ვარიანტი გამოჩნდა, რაზეც დავთანხმდი და ჩასვლიდან რამდენიმე დღეში ორწლიან კონტრაქტს მოვაწერე ხელი.

შთაბეჭდილებები თავიდან ძალიან კარგი იყო. ტუნისში ფეხბურთი საკმაოდ მაღალ დონეზეა. ჩემი გუნდი მეორე ლიგიდან წელს გადმოვიდა და უმაღლეს ლიგაში ასპარეზობა კარგად დავიწყეთ – 15 მატჩში მხოლოდ ორჯერ დავმარცხდით. თუმცა, 31 დეკემბერს გუნდთან კონტრაქტი გავწყვიტე და იძულებული ვიყავი ტუნისი დამეტოვებინა. ბოლოს საქმე მუქარამდეც კი მივიდა… 

- რა გახდა მოვლენათა ასეთი განვითარების მიზეზი?

პრობლემა ის იყო, რომ პრეზიდენტს კონტრაქტის გაფორმებიდან მალევე ჩემი გაყიდვა სურდა, რათა ფინანსურად ეხეირა. მაგრამ, ტრანსფერი არ შედგა და მასაც ჩემთვის ხელფასის გადახდა აღარ უნდოდა. კონტრაქტში წლიური ბონუსები და პრემიალურებიც იყო გათვალისწინებული, რაც საკმაოდ დიდი თანხა გამოდიოდა. ხელფასს 4 თვე არ მიხდიდნენ… ორი ადვოკატი დავიქირავე, მაგრამ პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ ჩასვლის დროს 5-დღიანი ვიზა მქონდა. კლუბში მითხრეს, რომ გახანგრძივება საჭირო არ იყო. სიტუაცია, რომ აირია საელჩოში დავრეკე და მითხრეს, რომ ვიზა აუცილებელი იყო და მე მისი არქონის გამო ჯარიმა მქონდა გადასახდელი. ამის შესახებ კლუბის ხელმძღვანელობას გამუდმებით ვეუბნებოდი, თუმცა ისინი ყურადღებას არ მაქცევდნენ. 

ფიფაში ჩივილზე ხომ არ გიფიქრიათ?

- ფიფაში რომ მეჩივლა თანხას ტუნისურ დინარებში მომცემდნენ და სავიზო პრობლემების გამო ფულს ქვეყნის ფარგლებს გარეთ ვერ გავიტანდი. ამიტომ დალოდება და პრობლემის მოგვარება ვამჯობინე. პრეზიდენტმა ისიც მითხრა, რომ სჯობს კონტრაქტი შეგვეწყვიტა და გამაფრთხილა რომ, ქალაქში უკმაყოფილოები არიან ჩემი ხელფასის ოდენობით, ჩემი მისამართიც იციან და უსაფრთხოების გარანტიებს ვერ მომცემდა. ეს მუქარა და ჩემთან ჩხუბში გადაიზარდა, რაც დიქტოფონზეც მაქვს ჩაწერილი… საბოლოოდ, ოჯახთან ერთად გადავწყვიტე, რომ წამოვსულიყავი. თანხის ნაწილი ხელზე ავიღე, 4 თვის ხელფასი კი პარიზში იყო, სადაც ჩემი ახლობელი ჩავიდა ბარსელონიდან და ფული შემდეგ მე ბაქოში გამომიგზავნა. 

ბოლოს კლუბის პრეზიდენტმა პოლიციას დაურეკა და შეატყობინა, რომ მეორე დღეს მივფრინავ და ვიზა არ მაქვს. ბილეთი შევცვალე და დედაქალაქში გავიპარე, სადაც კორეელი ქრისტიანები ცხოვრობდნენ მეზობლად. მადლობა უფალს, რომ ეს ხალხი შემახვედრა… საბოლოოდ, “ზარზისთან” ყველანაირი კონტაქტი გავწყვიტე და ტუნისიდან წამოვედი. 

- ახლა რას აპირებთ?

ამჟამად თავისუფალი აგენტი ვარ და ახალ კლუბს ვეძებ.

- საქართველოდან თუ დაგიკავშირდათ რომელიმე კლუბი?

- “გურიას” ველაპრაკე, როცა პრობლემები მქონდა და პასუხი ვერ გავეცი. სიტუაციის დალაგების შემდეგ მეორედ დავუკავშირდი, მაგრამ ჯერჯერობით პასუხი არ მიმიღია.

კაჭარავა: „საქართველოში არსებულ პირობებზე საუბარი არც კი მსურს“

$
0
0
სპარტაკი-კოლხეთი_972313

ცხინვალის „სპარტაკმა“, რომელმაც ცოტა ხნის წინ სახელი შეიცვალა და სეზონის მეორე ნახევრიდან „ცხინვალის“ სახელით ითამაშებს, საქართველოს უმაღლესი ლიგის პირველ წრეში მე-4 ადგილი დაიკავა. ამჟამად გუნდი პირველ ადგილზე მყოფ თბილისის „დინამოს“ 5 ქულით ჩამორჩება. Fanebi.com-ი ცხინვალელთა თავდამსხმელ ნიკა კაჭარავას დაუკავშირდა და რამდენიმე კითხვა დაუსვა.

- საქართველოს ჩემპიონატში ახლა პაუზაა. მოგვიყევი გუნდის ამჟამინდელ მდგომარეობაზე

„ამჟამად თურქეთში შეკრებაზე ვართ და ოთხი საკონტროლო მატჩის ჩატარებას ვგეგმავთ“

- ნიკა, პირველ წრეში 2 გოლი გაიტანე, გუნდმა კი მისაღებ შედეგს მიაღწია. შეაფასე სეზონის პირველი ნახევარი

„მეტ-ნაკლებად წარმატებული წრე იყო. სამწუხაროდ, რამდენიმე მნიშვნელოვანი ქულა დავკარგეთ. იმედია, მეორე წრეს უკეთესად ჩავატარებთ“

- სატურნირო ცხრილი საკმაოდ მჭიდროა. ამჟამად პირველ ადგილზე მყოფ „დინამოს“ 5 ქულით ჩამორჩებით. რა მიზანი აქვს დასახული კლუბს? ფიქრობთ თუ არა ჩემპიონობაზე?

„რა თქმა უნდა, ჩემპიონობის ამბიცია გაგვაჩნია. მითუმეტეს, ზამთარში გავძლიერდით, თუმცა მთავარი მიზანი ევროთასებზე მოხვედრაა“.

- ჩემპიონატში კონკურენტებს შორის ყველაზე მეტად ვის გამოარჩევდი?

„საკმაოდ ბევრი გუნდია, რომელიც მაღალი მიზნებისთვის იბრძვის. ყველა მეტოქეს ერთნაირად ვაფასებთ“

- ცოტა ხნის წინ კლუბმა სახელი და ლოგო შეიცვალა, ახლა მას „ცხინვალი“ ჰქვია. ამ გადაწყვეტილების მიღებისას კლუბის ხელმძღვანელობა ფეხბურთელებს შეუთანხმდა თუ ყველაფერი დამოუკიდებლად გააკეთა?

„სახელი დამოუკიდებლად შეიცვალა, მაგრამ ფეხბურთელების მხრიდან არანაირი პრობლემა არ ყოფილა. პირიქით, ეს ქმედება ყველამ მოიწონა“

- ასაკის მიუხედავად, შენ უცხოეთში თამაშის გამოცდილებაც გაქვს, კერძოდ, ყაზანის „რუბინში“ ირიცხებოდი. საქართველოსთან შედარებით იქ რამდენად განსხვავებული სიტუაციაა?

„რა თქმა უნდა, საქართველოსთან შედარებით, იქ ბევრად მაღალი დონეა. განსხვავება იმდენად დიდია, რომ აქაურ პირობებზე საუბარი არც კი მსურს. თანაც, იქ ფეხბურთელებს უფრო აფასებენ“

- დაფასებაში კერძოდ რას გულისხმობ?

„მაგალითად, სტადიონზე ხალხის რაოდენობას. გარდა ამისა, იქ მედიის ყურადღებაც უფრო მეტია. თუ არ ვცდები, მიმდინარე სეზონში ჩვენი მატჩის რეპორტაჟი არც ყოფილა“

- რუბინის მატჩებს თვალყურს დღესაც ადევნებ?

„იშვიათად, მაგრამ, ვცდილობ, ვუყურო“

- კარიერის გაგრძელებას რომელ ქვეყანაში ისურვებდი? კონკრეტულად რომელი ქვეყნის თამაშის სტილი მოგწონს?

„ამაზე არ მიფიქრია. თავს სადაც საჭიროდ ვიგრძნობ, იქ ვითამაშებ“

- სამშობლოში დაბრუნების შემდეგ უცხოეთიდან წინადადება არ გქონია?

„ჯერ არა“

- ცოტახნის წინ გაირკვა, რომ საქართველო 2017 წელს 19-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებს. შენი აზრით, როგორ დაეხმარება ეს წარმატება ზოგადად ქართულ ფეხბურთს?

„რა თქმა უნდა, დადებითად იმოქმედებს. სხვას თავი რომ დავანებოდ, სტადიონებიც აშენდება, რაც დღეს საქართველოში დიდ პრობლემას წარმოადგენს“

- საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში იყავი გამოძახებული. რა პერპექტივა აქვს ამ გუნდს და როგორ შეაფასებდი მის მომავალს? კონკრეტულად რომელიმე ფეხბურელს თუ აღნიშნადი?

„ახლა თამაში უკვე 94 წელს დაბადებულ ფეხბურთელებს უწევთ და ახალი გუნდიც შენდება. იმედიანად ვარ, მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ ეს ნაკრები ჯერ არ შეკრებულა, ვერავის გამოვარჩევ“

ირაკლი სირბილაძე: “ჩვენი მიზანი თასის მოგება და სამეულში შესვლაა”

$
0
0
timthumb

როგორც უკვე იცით, ირაკლი სირბილაძე კარიერს ფინურ “კუპსიში” გააგრძელებს. Fanebi.com ქართველ შემტევს ფინეთში დაუკავშირდა და ახალი კლუბის შესახებ ესაუბრა.

“კუპსი საკმაოდ კარგი გუნდია. წელს ჩვენი მიზანი სამეულში მოხვედრა და თასის მოგებაა. შემოთავაზება სხვა გუნდებიდანაც მქონდა, მაგრამ საბოლოო არჩევანი მაინც “კუპსიზე” შევაჩერე. ისეთ გუნდში მინდა ყოფნა, რომელსაც რეალურად შეუძლია მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა. გუნდში ძალიან კარგად მიმიღეს. მწვრთნელი ჯერ კიდევ ტურკუდან მიცნობს და მან კარგაც იცის ჩემი შესაძლებლობები. “კუპსიში” გადაბარგებაც სწორედ მან შემომთავაზა. 

მინდა ავღნიშნო, რომ ფინეთში საკმაოდ კარგი დონეა. ყოველ წელს ახალი ფეხბურთელები ჩამოდიან და აქ თამაში იოლი არავის ეგონოს. ახალგაზრდა თუ ხარ და თავს გამოიჩენ ბევრად უკეთს ჩემპიონატში გააგრძელებ თამაშს” – გვითხრა სირბილაძემ. 

მამუკა ტორონჯაძე: „ყველა ქვეყანას ჩემი საქართველო მირჩევნია“

$
0
0
Mamuka Toronjadze

ფარერის კუნძლების ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული „სუდურის“ შემადგენლობაში ორი ქართველი ლეგიონერი ჩაირიცხა. ახალი სეზონიდან კლუბში 28 წლის შემტევი მამუკა ტორონჯაძე და 26 წლის მცველი ვალერი იობაშვილი ითამაშებს.

Fanebi.com-ი მამუკა ტორონჯაძეს დაუკავშვირდა, რომელიც „სუდუროისში“ 2010 წელსაც თამაშობდა.

- მამუკა, შენ ფარერის კუნძულებზე დაბრუნდი და ახალი სეზონიდან ნაცნობი „სუდუროის“ რიგებში ითამაშებ. გვიამბე, თუ როგორ მოხვდი პირველად ამ ქვეყანაში

„პირველად ჩემი მეგობრის დახმარებით მოვხვდი. სააგენტოსთან ურთიერთობდა და 2010 წელს ფარერებზე წასვლა შემომთავაზეს. წინადადებას დავთანხმდი და ჩავედი“

- რა გახდა შენი ფარერის კუნძულებზე დაბრუნების მიზეზი?

„მოგეხსენებათ, ერთი წელი რუსთავის „მეტალურგში“ ვიყავი და ბოლო ექვსი თვის განმავლობაში იქ სიტუაცია ძალიან აირია. ექვს თვეში ოთხი თვის ხელფასი ავიღეთ და ჩვენთვის არც პრემიები მიუციათ. არადა, მეგონა, ასეთი კლუბი უფრო დიდ ყურადღებას გამოიჩენდა. წასვლა ძალიან არ მინდოდა, მაგრამ ბოლოს ფინანსების გამო წავედი. თანაც, საბუთების დახმარებით, ევროპაში გასვლა აქედან ბევრად ადვილია“

- რომელიმე სხვა ქვეყანაში წასვლის საშუალება იყო? სხვა წინადადებები თუ გქონია?

„კი, იყო. მაგალითად, ჩემი მეგობარი ოსიტაშვილი ფინეთში თამაშობს და იქ სინჯებზე ჩასვლის შანსი მქონდა, თუმცა ამას პირდაპირი კონტრაქტი ვამჯობინე. მოგეხსენებათ, იობაშვილიც აქაა და, იმედია, კარგი სეზონი გამოვა“

- დახმარებიხარ თუ არა ვალერი იობაშვილს ამ ტრანსფერში ან მისთვის რაიმე რჩევა ჰომ არ მიგიცია?

„კლუბში მკითხეს, ვიცნობ თუ არა გამოცდილ მცველს. მე ვალერის რეკომენდაცია გავუწიე. შემდეგომ მისი ვიდეოები და მონაცემებიც ნახეს“

- როგორც აღნიშნე, „სუდუროისში“ აქამდეც, კერძოდ, 2010 წელს თამაშობდი. იმის შემდეგ 5 წელი გავიდა და კლუბში რაიმე შეიცვალა?

„როგორც მითხრეს, შეიცვალა. სიმaრთლე გითხრათ, ვარჯიშზე ჯერ არ მივსულვარ. ახალგაზრდული გუნდია და ლეგიონერების ლიმიტის გამოყენებას მაქსიმალურად ცდილობენ. აქ ოთხზე მეტი ლეგიონერის დამატება აკრძალულია“

- პირდაპირ ვთქვათ, რომ ფარერის კუნძულებს როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო ფეხბურთი ძალიან დაბალ დონეზეა. ბოლო დროს რაიმე პროგრესი თუ შეინიშნება?

„ნაკრების წარმატებებიდან, საბერძნეთთან გასვლაზე მოგების აღნიშვნა შეიძლება, რაც არც თუ ისე ადვილია. პირველი წრის შემდეგ უფრო მეცოდინება, რამდენად მოიმატა ჩემპიონატის დონემ“

- „სუდუროისი“ უმაღლეს ლიგაში დაბრუნდა. ახალი სეზონში გუნდს რა მიზნები ექნება?

„სიმართლე ვთქვათ და, ალბათ, პირველ რიგში, გუნდი ადგილის შენარჩუნებაზე იფიქრებს. როგორც აღნიშნე, ახალგაზრდული გუნდია. თუმცა, გამორიცხული არაფერია, იმედია, უფრო მაღალი მიზნებისთვისაც ვიბრძოლებთ“

- საქართველოსა და ფარერების ჩემპიონატის შედარებისას, რას გამოყოფდი?

„საქართველოში ძალიან ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელია, აქ ამის რესურსი არაა. ცდილობენ, ლეგიონერები ჩამოიყვანონ, რათა დონემ აიწიოს. საქართველოს ჩემპიონატი, რა თქმა უნდა, უკეთესია“

- საქართველოში დაბრუნებას გეგმავ?

„ჯერ მხოლოდ ახლა ჩამოვედი, ჩემპიონატი ოქტომბრის დასაწყისამდე გრძელდება. მისი დასრულების შემდეგ ვნახოთ. თუ შანსი და პირობები იქნება, დიდი სიამოვნებით დავბრუნდები“

- ზოგადად, ფარერის კუნძულებზე ცხოვრება საქართველოში ცხოვრებისგან რითი განსხვავდება?

„ფარერები ბევრად პატარაა და იმდენი ღირსშესანიშნაობა არაა, როგორც საქართველოში. დედაქალაქის გარდა, მხოლოდ ერთი ქალაქია, დანარჩენი ტერიტორია კი დაბებისგან შედგება. რაც შეეხება ცხოვრების დონეს, ფარერის კუნძლები დანიის სამეფოს ეკუთვნის და ცხოვრების დონე, ამის დახმარებით, ძალიან მაღალია“

- მომავალში ფარერებში საცხოვრებლად თუ დარჩებოდი?

„სადაც არ უნდა წავიდე, საცხოვრებლად საქართველოში დავბრუნდები. ყველა ქვეყანას ჩემი საქართველო მირჩევნია“

ინტერვიუს ბოლოს მამუკამ რუსთავის „მეტალურგსა“ და მის მთავარ მწვრთნელ ვალერი კილასონიას მადლობა გადაუხადა: „მსურს, რუსთავის „მეტალურგის“ ყველა ფეხბურთელს, მწვრთნელსა და მომსახურე პერსონალს მადლობა გადავუხადო. დიდი მადლობა ვალერი კილასონიას, რომელიც ჩემს წასვლას გაგებით მოეკიდა. ძალიან კარგი გუნდია და მომავალში წარმატებას ვუსურვებ. იმედია, სიტუაცია გამოსწორდება“.


ლადო ბურდული: „შესაძლოა, შეთამაშების პრობლემა გვქონდეს“

$
0
0
IMG_6933

დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში თურქეთის შეკრებიდან ჩამოსული ბოლნისის „სიონის“ მთავარი მწვრთნელის ლადო ბურდულის პრესკონფერენცია შედგა.

„ძალიან ბევრი ახალწვეული გვყავს. აქედან გამომდინარე,, შესაძლოა, შეთამაშების პრობლემა გვქონდეს.

შეკრება ნაყოფიერი გამოგვივიდა. კლუბის ხელმძღვანელობას დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. უკვე მესამე წელია ჩვენ შეკრებას თურქეთში, კერძოდ, ბელეკში გავდივართ, სადაც საუკეთესო პირობები გვაქვს. ერთ-ერთი კარგი სპარინგები ჩვენ გვქონდა. ძლიერ მეტოქეებს შევხვდით, რომელთა შორისაც იგივე ბელორუსის „ბატე“ იყო. გამოსაყოფია უზბეკეთის „ლოკომოტივი“, რომელიც ეროვნულ ჩემპიონატში ამჟამად მეორე ადგილს იკავებს და აზიის ჩემპიონთა ლიგაზე გამოდის.  ბოლო მატჩი მოლდოვის „შეტიფთან“ გავმართეთ. ჩვენი ევროპელი მეტოქეები ჩემპიონთა ლიგასა და ევროპის ლიგაზე სტაბილურად გამოდიან. სუსტ მეტოქეებთან თამაში არც გვსურდა.

შევხვდით რუმინეთის ნაკრებსაც, რომლის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტისგან მადლობის წერილი მივიღეთ. მან ჩემპიონატში წარმატება გვისურვა.

თურქეთში ძალიან გაუკვირდათ, რომ ჩემპიონატში ასეთ ადგილს ვიკავებთ. მათ ეს იმით ავუხსენი, რომ „სიონი“ ჯერ შენების პროცესშია.

ჩვენი მოთამაშეებით რამდენიმე ცნობილი ევროპული კლუბი ინტერესდება. რა თქმა უნდა, მათი დარჩენა კარგი იქნება, თუმცა ამ ბიჭების ევროპაში თამაში საქართველოს ნაკრებსაც გამოადგება“, – განაცხადა ბოლნისელთა დამრიგებელმა.

პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ „სიონმა“ კლუბის 9 ახალწვეული წარადგინა. საქართველოს ჩემპიონატის მეორე წრიდან ბოლნისელებს გიორგი მიქაბერიძე, დათა სიჭინავა, დაჩი ცნობილაძე, გიორგი ჭანკოტაძე, ალექსანდრე გურეშიძე, ცოტნე თებურია, დავით საჯაია დახმარებიან. გარდა ამისა, „სიონის“ რიგებში ორი ლეგიონერიც ითამაშებს – ლადო ბურდულის გუნდს ბრაზილიელი ენდრიუ არაუჟო და პორტუგალიელი ლუის ალბერტო იეირა მედინა შეუერთდნენ.

 

 

იხილეთ საქართველოს ჩემპიონატის სატურნირო ცხრილი

მოსიაშვილი: „ვფიქრობ, ლამაზი გოლი გავიტანე“

$
0
0
Mosiashvili

საქართველოს ჩემპიონატის მეორე წრე „გურიამ“ სახლში „ზესტაფონის“ დამარცხებით დაიწყო. გურიელთა მხრიდან ერთადერთი გოლი შეხვედრის 50-ე წუთზე თორნიკე მოსიაშვილმა გაიტანა, რომელიც  „გურიაში“ სადებიუტო მატჩს ატარებდა. ჩვენი საიტი შეხვედრის მთავარ გმირს დაუკავშირდა და რამდენიმე კითხვა დაუსვა.

- თორნიკე, „გურიას“ შემადგენლობაში ოფიციალურ მატჩში ბრწყინვალე დებიუტი გამოგივიდა – „ზესტაფონს“ გოლი გაუტანე, რითაც შენმა გუნდმა ჩემპიონატის მეორე წრე სამი ქულით დაიწყო. გაგვიზიარე პირველი შთაბეჭდილებები

„ძალიან გახარებული ვარ. გუნდმა დავალება შეასრულა. იმედია, ასე გავაგრძელებთ და ყველა მატჩში მაქსიმუმს გავაკეთებთ“

- პირველმა წარმატება ვინ მოგილოცა?

„მოედანზე არ მახსოვს. ისე, ჩემმა ძმამ, იგი ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარია“

- „გურიაში“ როგორ მოხვდი?

„გასულ სეზონში „ჭიათრაში“ ვთამაშობდი. ერთ-ერთ მატჩს „გურიის“ ფინანსური დირექტორი დაესწრო. თამაშის შემდეგ შევხვდი და გადაწყდა, რომ ამ კლუბში ვითამაშებ“

- აქამდე პირველ ლიგაში თამაშობდი. უმაღლესში ჩატარებულ ამ ერთ მატჩში ამის გამო რაიმე დისკომფორტი ხომ არ გიგრძვნია?

„არა, რადგან რამდენიმე წლით ადრე „გაგრაში“ უმაღლეს ლიგაში ვთამაშობდი. ასევე ფოთის „კოლხეთშიც“ ვიყავი“

- ანუ გუნდში ადაპტაციის პრობლემა ნაკლებად გაქვს?

„ღვთის წყალობით, არ გამჭირვებია. ნახევარზე მეტ თანაგუნდელს ვიცნობ. გუნდის ძალიან შეკრულია. საერთოდ, ლანჩხუთში კარგი და ტკბილი ხალხი ცხოვრობს“

- სატურნირო ცხრილში გუნდის შანსებს როგორ შეაფასებდი?

„ყველა გუნდი ქულებით ერთმანეთთან ახლოსაა. ათეულში მოხვედრა, ალბათ, ნორმალური შედეგი იქნება“

- ზოგადად 16-გუნდიანი ჩემპიონატის შესახებ რას ფიქრობ?

„მივესალმები… რაც მეტ ფეხბურთელს უმაღლესში თამაშის შესაძლებლობა მიეცემა, მით უფრო მეტი კარგი მოთამაშე გამოჩნდება. თუმცა, პირველ ლიგას უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს. იქ ბევრი ფეხბურთელია, რომელიც უმაღლესში თამაშს იმსახურებს“

- რახან პირველი ლიგა ახსენე, შენი ყოფილი კლუბის „ჭიათურას“ შესახებაც გკითხავთ. გუნდი ამჟამად მეორე ადგილზეა, თუმცა პირველ ადგილზე მყოფ „საბურთალოს“ 15 ქულით ჩამორჩება. როგორ ფიქრობ, შეძლებენ თუ არა ჭიათურელები უმაღლესში ასვლას?

„იმედია, შეძლებენ და მათ მთელი გულით ვქომაგობ. იქ კარგი ბიჭები თამაშობენ, მაგრამ როგორც ბევრ ქართულ კლუბს, ფინანსური პრობლემები „ჭიათურასაც“ აქვს. პლეიოფით გასვლა შესაძლებელია“

- ამ ფორმაციით „ჭიათურა“ უმაღლეს ლიგაში გადარჩენისთვის ბრძოლას რამდენად შეძლებდა?

„რამდენიმე ფეხბურთელს თუ დაიმატებდა, არ გაუჭირდებოდა“

- ბოლოს კიდევ ერთხელ შენს გოლს დავუბრუნდეთ. თუ შეგიძლია, გაიხსენე, როგორ გაიტანე ის და დაწვრილებით აგვიღწერე ის ეპიზოდი

„შალამბერიძემ კუთხური ჩააწოდა, რის შემდეგაც ერთი შეხებით დავარტყი და გავიტანე. ვფიქრობ, ლამაზი გოლი გამოვიდა“

მერებაშვილი: „ოფი-დან მივდივარ, აქ პატივს არ მცემენ“

$
0
0
Merebashvili

ბერძნული ოფი, რომლის შემადგენლობაშიც ორი ქართველი გიორგი ლორია და გიორგი მერებაშვილი თამაშობს, უმძიმეს ვითარებაში რომ არის, ამის შესახებ ჩვენს საიტზეც არაერთხელ თქმულა. ამჯერად სიტუაცია იქამდე მივიდა, რომ მერებაშვილმა კლუბის დატოვება საბოლოოდ გადაწყვიტა, რის შესახებაც Gazzetta.gr-ს განუცხადა.

„ოფი-დან მივდივარ. გადაწყვეტილება მივიღე, რომელსაც არ შევცვლი. როდესაც კლუბი პატივს არ გცემს, შენ არ უნდა დარჩე.

არამგონია, ოფი-სთან ერთად ჩემი უფლებებისთვის კიდევ ერთხელ ვიბრძოლო“, – განაცხადა მერებაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ბერძნულ კლუბში 2014 წლის ზაფხულში თბილისის „დინამოდან“ გადაბარგდა. საბერძნეთის ჩემპიონატის 14 მატჩში მერებამ 4 გოლიც გაიტანა.

ფინანსური პრობლემების გამო წელს ოფი-ს მოთამაშეებისთვის ხელფასი დროულად არ გადაუხდია. ამასთან ერთად, სეზონის მიმდინარეობისას მთავარი მწვრთნელის პოსტი ჯენარო გატუზომ დატოვა.

სლავკო მარიჩი: „მინდა გორელი გულშემატკივარი გავახარო“

$
0
0
4335eb45ca5af5b56a76a353064bbdc7

ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრეში გორის „დილას“ სერბი მცველი სლავკო მარიჩი შეუერთდა. გამოცდილმა ფეხბურთელმა ჩვენი გნდის დაცვის მარცხენა ფლანგი გააძლიერა. სერბი ლეგიონერი „დილას“ ძირითად შემადგენლობაში ბოლო პერიოდში სტაბილურად ხვდება, აქტიურად ერთვება შეტევებში, სტანდარტებსა და საჯარიმოებსაც ხშირად ასრულებს.

სლავკო მარიჩმა „დილას“ პრესსამსახურს კლუბში არსებულ ვითარებასა და მის განვლილ კარიერაზე უამბო.

როგორ დაიწყეთ საფეხბურთო კარიერა?

„ფეხბურთის თამაში შვიდი წლის ასაკში დავიწყე. დავიბადე პატარა ქალაქ ნოვა ვაროშში. პირველი გუნდი კი „ზლატარი“ იყო, რომლის შემდეგაც შვიდი წლის განმავლობაში ბელგრადში, ,,ჰაიდუკ ლიონის“ რიგებში ვირიცხებოდი. ბოლო პერიოდში რამოდენიმე კლუბში მომიწია თამაში, „დილაში“ გადმოსვლამდე კი ექვსი თვე ბერძნულ კლუბ „ლამიაში“ გავატარე.“

გორის ,,დილაში“ მარცხენა მცველის პოზიციაზე ირჯებით. ზოგადად თქვენი საფეხბურთო პრაქტიკიდან გამომდინარე რომელია სლავკო მარიჩის საყვარელი პოზიცია?

„ბოლო ექვსი წლის მანძილზე მარცხენა მცველის პოზიციაზე ვთამაშობ, თუმცა ადრეულ წლებში საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზეც მიწევდა თამაში. მარცხენა მცველის ამპლუაში თავს ყველაზე კარგად ვგრძნობ.“

როგორ გრძნობთ თავს კლუბში?

„გორის „დილაში“ თავს ძალიან თავისუფლად ვგრძნობ. კლუბში მოსვლისთავანე გუნდისგან სრული მხარდაჭერა ვიგრძენი. ფეხბურთელები ძალიან კარგად შემხვდნენ.”

გვიამბეთ „დილაში“ არსებული ატმოსფეროს შესახებ?!

„კლუბში ძალიან კარგი ატმოსფეროა. ფეხბურთელების განწყობა მეგობრული და გუნდურია. კლუბის ხელმძღვანელობა და ფეხბურთელები მხოლოდ ერთი მიზნის, „დილას“ წარმატებისკენ ვართ ორიენტირებული.“

რას იტყვით გუნდის მთავარი მწვრთნელის, უჩა სოსიაშვილის შესახებ?

„უჩა სოსიაშვილი ახალგაზრდა და ჩემი აზრით, საკმაოდ პერსპექტიული, ნიჭიერი და მიზანდასახუული სპეციალისტია. მას საქმისადმი საკმაოდ პროფესიონალური მიდგომა აქვს.“

გუნდთან ერთად რა არის თქვენი მთავარი გამოწვევა და მიზანი?

„ჩემპიონატის დასრულებამდე რვა ტური რჩება. მე ვფიქრობ, რომ ჩემპიონატის მოგების საკმაოდ რეალური შანსი გვაქვს.“

გაიარეთ თუ არა ადაპტაცია კლუბთან და ქალაქთან?

„გორი პატარა, ძალიან მშვიდი და საინტერესო ქალაქია. აქ თავს მშვენივრად ვგრძნობ. „დილამ“ ყველა პირობა შემიქმნა სწრაფი ადაპტაციისთვის.“

რას იტყვით საქართველოს ეროვნული ემპიონატის და გორის „დილას“ პოზიციების შესახებ?

„საქართველოში ფეხბურთს ძალიან ტექნიკურად თამაშობენ, თუმცა ინფრასტრუქტურული გაუმართავობა ფეხბურთის განვითარებას გარკვეულ პრობლემებს უქმნის. რაც შეეხება „დილას“ პოზიციებს ჩვენ ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი გუნდი ვართ და ამით ყველაფერი ნათქვამია.“

რაიმე მსგავსებას ხომ არ ხედავთ ქართულ და სერბულ ფეხბურთს შორის?

„საქართველოში როგორც უკვე აღვნიშნე ძალიან ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობენ, სერბეთში კი ყურადღება უფრო ძალისმიერ ფეხბურთს ექცევა.

და ბოლოს, რას ეტყოდით გორელ გულშემატკივარს?

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივარს, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში ისინი ბოლომდე, თავდაუზოგავად გვიდგანან მხარში. სურვილი მაქვს, რომ  სეზონის ბოლოს მათ სახეზე მხოლოდ ღიმილს ვხედავდე.“

„დილას“ პრესსამსახური

კოსტავა: „არ მსურს, რომ ამ გოგოებს შრომა არ დაუფასდეთ“

$
0
0
თამაზ კოსტავა

დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრეკონფერენციო დარბაზში საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის თამაზ კოსტავასა და მოთამაშეების პრესკონფერენცია შედგა.

შეგახსენებთ, რომ წინა კვირას საქართველოს ქალთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით გაიარა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

თამაზ კოსტავა: „დავიწყებთ იქედან, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრი გვაქვს. განვლილმა შესარჩევმა ეტაპმა ბევრი მინუსი დაგვანახა. ფარერებთან გოგოებმა ბოლომდე იბრძოლეს და სათანადო შედეგს მიაღწიეს. რთული ეს ეტაპი იმითაც იყო, რომ პირველივე შეხვედრა ფარერებთან მოგვიწია, მალტა კი ანდორას ხვდებოდა, რომელიც სხვებთან შედარებით, უფრო დაბალი დონის გუნდია.

ჩვენი გუნდი ძალიან შეკრული იყო. განვლილ შესარჩევ შეხვედრებში ასეთი გუნდი არ მინახავს, ყველა ერთმანეთს ამხნევებდა და გვერდში ედგა.

რაც შეეხევა მალტასთან მატჩს, მეტოქემ ჩვენ არ გვაჯობა, თამაში თანაბარი იყო, მაგრამ ბოლოს მეტოქეს გაუმართლა და გოლიც გაგვიტანა.

ქალთა გუნდის თავკაცი პირველად ვარ და ამ პერიოდმა საკუთარი შესაძლებლობებიც მიჩვენა.

ბოლო ტურში ფარერების მოგება გვაწყობდა. მალტასთან მატჩს ისინი ანგარიშით 4:2-ს იგებდნენ. გუშინ მის ჩანაწერს კიდევ ერთხელ ვუყურე – თამაშის ბოლოს ფარერებმა ბურთი ძელს გაარტყეს… გოლი რომ გასულიყო, მეორე ადგილზე აღვმოჩნდებოდით და ვერც ევროპის ჩემპიონატზე გავიდოდით.

ამ გოგოებმა დიდი შრომა ჩადეს. არ მინდა, რომ მათ ეს ყველაფერი დაეკარგოთ და ეს წარმატება ვინმეს დაავიწყდეს.

აქვე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, რომელიც ყველანაირად გვეხმარებოდა, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო.

შესაძლოა, მომავალში მსგავს წარმატებას ვერ მივაღწეიოთ, მაგრამ დაგროვილი გამოცდილების დახმარებით, სხვა შემარჩებით ვითამაშებთ“.

ავთო ებრალიძე: “იმედი მაქვს, დავიმსახურებ და ნაკრებში კვლავ გამომიძახებენ”

$
0
0
ebralidze

პორტუგალიის სუპერლიგაში მოასპარეზე ერთადერთი ქართველის, ავთო ებრალიძეს “ჟილ ვისენტეს” მდგომარეობა უკეთესის სურვილს ტოვებს. მიმდინარე სეზონში საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევის კლუბი ელიტაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის.

Fanebi.com ებრალიძეს პორტუგალიაში დაუკავშირდა და საკლუბო ამბებთან ერთად სანაკრებო თემაზეც ესაუბრა.

– სამწუხაროდ ძალიან ცუდი სეზონი გვაქვს. მოვლენათა ასეთ განვითარებას არავინ ელოდა. ყველა, ვინც თვალყურს ადევნებს  პორტუგალიურ ლიგას ჩვენს ყოფნას ცხრილის შუაში პროგნოზირებდა, თუმცა ფაქტი სახეზეა და ეს რა თქმა უნდა პირველ რიგში ჩვენი ბრალია. 

- როგორ შეაფასებდი კლუბის შანსებს სეზონის ბოლოს. შეძლებთ ადგილის შენარჩუნებას? 

- სიტუაცია ძალიან რთულია, თუმცა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. შანსები ჯერ კიდევ არის. 

- რას აპირებ იმ შემთხვევაში, თუ კლუბი პრიმეირადან გავარდება?

– ამ ეტაპზე სხვა გუნდში გადასვლაზე არ ვფიქრობ და მაქსიმალურად ვარ კონცენტრირებული “ჟილ ვისენტეს” მიმდინარე მიზნებზე. 

- ნაკრებზეც გკითხავ, სადაც თემურ ქეცბაიას მწვრთნელობის დროს ხშირად გიძახებდნენ. როგორ ფიქრობ, რა დააკლდა ქეცბაიას ფორმაციის გუნდს?

– ნაკრებმა შედეგს რომ ვერ მიაღწია ქეცბაიას ბრალი არ არის. განსაკუთრებული შედეგებისთვის არ ქეცბაიამდე მიუღწევია ვინმეს. ამ კაცმა ნაკრებში გული და სული ჩადო და ყველამ ნახა, თუ როგორ უნდოდა მას წარმატების მოტანა. მაგრამ, ყველაფერი მხოლოდ ქეცბაიაზე არ იყო დამოკიდებული. 

- მთავარი მწვრთნელის პოსტზე ცხადაძის დანიშვნას როგორ შეაფასებდი? 

- ცხადაძის თავკაცობით ნაკრებმა ორი მატჩი ჩაატარა. მალტელები დავამარცხეთ, გერმანიასთან კი გუნდმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა. 

- ნაკრებში შენს შანსებზე რას გვეტყოდი? 

- როცა ქეცბაია მიძახებდა იმ დროს ნაკრებში თამაში მეკუთვნოდა. პორტუგალიის ჩემპიონატში მეც და გუნდსაც კარგი სეზონი გვქონდა. ახლა კი გუნდიც ცუდ დღეშია და მეც ტრავმის გამო 3 თვე გამიცდა. თუმცა, უკვე დავბრუნდი და ვთამაშობ. იმედი მაქვს, დავიმსახურებ და ნაკრებში კვლავ გამომიძახებენ

- ტრავმის შედმეგ ფორმის აღდგენა თუ მოახერხე? 

– დიახ, თამაშები უკვე მიწევს და ნელ-ნელა ოპტიმალურ ფორმას ვუახლოვდები. 

საბანაძე: “ყველას სურვილია, სატურნირო ცხრილში რაც შეიძლება მაღლა ვიყოთ”

$
0
0
nika

როგორც იცით, გუშინ საქართველოს უმაღლესი ლიგის ტური გაიმართა. ქუთაისის “ტორპედომ” “გურია” 1-3 დაამარცხა.

Fanebi.Com დაუკავშირდა ქუთაისელთა შემტევ, ნიკა საბანაძეს და გუნდისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გაესაუბრა.

- გამარჯობა ნიკა. პირველ რიგში, გილოცავ “ტორპედოს” გამარჯვებას. როგორ შეაფასებდი გუშინდელ შეხვედრას?

– სამწუხაროდ, შეხვედრისას სტადიონზე არ ვიმყოფებოდი და თამაშს ვერ დავესწარი. რაც შეეხება გამარჯვებას, ლანჩხუთში ძალიან მნიშვნელოვანი 3 ქულა მოვიპოვეთ და გუნდმა ძალიან საჭირო ქულები აიღო. მოგეხსენებათ ისიც, რომ აქამდე “გურიას” საკუთარ მოედანზე მარცხი არ ჰქონდა და ქუთაისის “ტორპედომ” შეძლო, მათი წაუგებელი სერია დაესრულებინა.

- როგორც ვიცით, ტრავმის გამო ვერ ახერხებ იმერელთა დახმარებას. რამდენად მძიმეა შენი დაზიანება და როდის დაუბრუნდები მოედანს?

– დაზიანება საკმაოდ მძიმეა. კოჭის ტრავმა მაქვს და ვმკურნალოდ. ჯერ-ჯერობით მიმდინარეობს მკურნალობის პროცესი და ვნახოთ, როდის გამოვჯანმრთელდები. ზუსტი პასუხის გაცემა არ შემიძლია.

- რა იქნება მიმდინარე სეზონში “ტორპედოს” მთავარი მიზანი?

– რა თქმა უნდა, გუნდს უნდა და ყველას სურვილია, სატურნირო ცხრილში რაც შეიძლება მაღლა ვიყოთ. აგრეთვე, ევროსაგზურებისთვის ვიბრძვით.

- და ბოლოს, ტრადიციული კითხვა: რამდენად იცნობთ ჩვენს ვებგვერდს და როგორ შეფასებდით მას?

– ხშირად ვსტუმრობ თქვენს ვებ-გვერდს და ძალიან საინტერესო ინფორმაციებსაც ვგებულობ. ძალიან კარგად მუშაობთ.


U19 –ნულოვანი ფრე უკრაინასთან პირველ ამხანაგურში

$
0
0
gff

დღეს, საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა უკრაინელ თანატოლებთან გამართული ამხანაგური მატჩი ფრედ – 0:0 დაასრულა. მატჩი ბანიკოვის სახელობის სტადიონზე გაიმართა და ადგილობრივ ქომაგთან ერთად, ტრიბუნაზე თავი კიევში მცხოვრებმა ქართველებმაც მოიყარეს. მატჩს უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები და უკრაინის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელიც ადევნებდა თვალს.

საქართველოს ნაკრებს მოედანზე ჯიმი ტაბიძე გამოუძღვა, ახალგაზრდა მცველმა ამ მატჩში ნაკრებს პირველად უკაპიტნა. ნაკრების შემადგენლობაში ითამაშა დებიუტანტმა ზაურ გოგუაძემ, რომელიც თამაშში მეორე ტაიმის ბოლოს ჩაერთო.

საერთო ჯამში, პირველ ტაიმში ქართველთა სათამაშო უპირატესობა აშკარა იყო. დევდარიანის ნაკრები მწყობრად და შეთანხმებულად თამაშობდა. იმის მიუხედავად, რომ ნაკრებს ძირითადი ბირთვის მოთამაშეების მთელი „არმია“ აკლდა, გუნდმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა და ჩვენი უკრაინელი კოლეგებისგანაც არაერთი კომპლიმენტი მივიღეთ.

მეორე ტაიმში, ტემპი ცოტა დავარდა, თუმცა, ჩვენი შემტევი ხაზი მაინც სწრაფად და გამიზნულად უტევდა. შეტევები გაამწვავა მეორე ტაიმში შესულმა ბექა ჭკუასელმა, რომელიც კარგად ჩაერთო თამაშში და ასევე კარგად აუბა მხარი გიორგი ბერიძეს, რომელმაც მთელი მატჩი თავდაუზოგავად იბრძოდა. თუმცა, ასპროცენტიან საგოლე მომენტებამდე საქმე არ მისულა. მეორე ტაიმში გოშაძის კარს უკრაინელებიც რამდენჯერმე დაემუქრნენ, თუმცა, უშედეგოდ. ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო უკრაინის ნაკრებში მოთამაშე ბექა ვაჩიბერაძე, რომელსაც ქართველი გულშემატკივარი კარგად იცნობს. კარგად გამოიყურებოდა ჩვენი დაცვის ხაზიც და შეიძლება ითქვას, რომ მათ უხეში შეცდომა არ დაუშვიათ.

ხვალ, საქართველოს ნაკრებს მცირე აღდგენითი ვარჯიში ექნება და დანარჩენ დროს, დევდარიანი ფეხბურთელებს დაასვენებს. 30 აპრილს კი, იმავე სტადიონზე ამ გუნდების მეორე ამხანაგური მატჩი გაიმართება, რომელიც თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება.

 

უკრაინაU19 vs საქართველოU19 0:0 (ამხ.)

უკრაინაU19: მოზილი, ოსმანი, მატვიენკო, კირიუხანცევი, შებეტუნი (ბელოუსოვი 63), ვაჩიბერაძე, ზოტკო, კვიჩი (ზუბკოვი 46), ლუკიანჩუკი, მისიკი (შვედი 46), ტრეტიაკოვი

მთ.მწვრთნელი – ოლექსანდრ გოლოვკა

საქართველოU19: გოშაძე, ჩაბრაძე, მალანია, მარგველაშვილი, ტაბიძე, მოხევიშვილი (მამუჩაშვილი 83), შულაია, გოშთელიანი (გოგუაძე 75), ბერიძე, ხარაიშვილი, კვირკვია (ჭკუასელი 63)

მთ.მწვრთნელი – გიორგი დევდარიანი

გაფრთხილება: ვაჩიბერაძე, მატვიენკო, შულაია

 

სფფ-ის პრესსამსახური

კიევი, უკრაინა

ქართველი მწვრთნელი აქტიურ ფეხბურთს დაუბრუნდა და კეივის “არსენალში”ჩაირიცხა

$
0
0
c111-Arsenal

რამდენიმე თვის წინ უკრაინაში მოთამაშე 1997 წელს დაბადებულ ლევან მაჭარაშვილზე ვწერდით, რომელიც “ობოლონის” ღირსებას იცავს და კიეველები მასზე დიდ იმედებს ამყარებენ. უკრაინის დედაქალაქის კიდევ ერთ კლუბში, “არსენალში” ლევანის ძმა, 21 წლის სერგი მაჭარაშვილი ჩაირიცხა, რომელიც ფეხბურთს 3 წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა და უკრაინელთა მოწონებაც დაიმსახურა.

“ფეხბურთის თამაში თემურ ფოცხვერიასთან დავიწყე, სადაც გიორგი ჭანტურია, ვაკო ყაზაიშვილი და სხვა გამორჩეული ფეხბურთელები ჩემი თანაგუნდელები იყვნენ. შემდეგ ჩვენი გუნდი დაიშალა და გიორგი დევდარიანთან მოვხვდი. სწორედ ამ დროს მომიწია 17-წლამდელთა ნაკრებში თამაში, თუმცა საკმაოდ მძიმე ტრავმა მივიღე და ეს შესაძლებლობა ვერ გამოვიყენე. სამკურნალოდ დიდი დრო დამჭირდა, რის შემდეგაც “დინამოს” დუბლებში მიმიღეს, სადაც რამაზ მუმლაძე იყო მთავარი მწვრთნელი. “დინამოში” ერთი სეზონი ვითამაშე და კარიერის გასაგრძელებლად პირველი ლიგის “ზოოვეტში” გადავედი, სადაც კვლავ მძიმე ტრავმა მივიღე და ოპერაცია დამჭირდა. სამწუხაროდ, ტრავმა იმდენად მძიმე იყო,  რომ ფეხბურთზე გული ამიცრუვდა.”

ტრავმებით გაწამებულმა 18 წლის მაჭარაშვილმა ფეხბურთზე უარი ვერ თქვა და საკამოდ ახლგაზრდულ ასაკში მწვრთნელობის დაწყება გადაწყვიტა.

“გამოჯანმრთელების შემდეგ საფეხბურთო კლუბ “საბურთალოდან” დამიკავშირდნენ და თემურ ფოცხვერიასთან ერთად 2000-წლიანების გუნდის ჩაბარება შემომთავაზეს, რასაც სიამოვნებით დავთანმხდი. მოგვიანებით თემურმა ინდივიდუალური ცენტრი გახსნა და იქაც ვეხმარებოდი. “საბურთალოში” კი ვალერი გაგუასთან ერთად ვავარჯიშებდი ახალგაზრდულ გუნდებს.

ჩემი სამწვრთნელო კარიერა 3 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. თუმცა, ოჯახის წევრების და განსაკუთრებით ბიძაჩემის დაჟინებული თხოვნით ვარჯიში დავიწყე და კიევში მაკაროვის ტურნირზე წავედი სათამაშოდ, რის შემდეგაც კიევის “არსენალის” დუბლებში სინჯებზე მიმიწვიეს.”

კიევში გამგზავრება აქტიურ ფეხბურთში დაბრუნებული მაჭარაშვილისთვის წარმატებული აღმოჩნდა. ქართველმა ნახევარმცველმა “არსენალის” დუბლებში საკუთარი შესაძებლობები კარგად წარმოაჩინა და პირველ გუნდში დაწინაურდა.

“დუბლებში გატარებული სამი თვის შემდეგ უკვე ორი კვირაა, რაც პირველ გუნდში დამაწინაურეს. ამ ეტაპზე თამაშები არ მიწევს, რადგან განაცხადი უკვე შევსებულია და მეც საბუთების პრობლემა მაქვს მოსაგვარებელი. თუმცა, იმედები მაქვს, რადგან გუნდში დამტოვეს.”

კიევში მყოფ ჩვენებურთან საუბრისას შესაძლებლობა ხელიდან არ გავუშვით და საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებზეც ვკითხეთ, რომელიც უკრაინელ თანატოლებს ამ დღეებში ორჯერ ესპარინგა.

“პირველი შეხვედრა თანაბარი გამოდგა და ფრედ 0:0 დასრულდა. ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ ცოტა დააკლდათ გამარჯვების მოსაპოვებლად. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ტაქტიკურად ჩვენი ფეხბურთელები უფრო გამოირჩეოდნენ და ბურთს მოწინააღმდეგის ნახევარზე კარგად იჭერდნენ. გარდა ამისა, ძალიან ძლიერები ვართ კონტრშეტევებზე თამაშისას. უკრაინელთა შემადგენლობაში კი ბექა ვაჩიბერაძე გამოირჩეოდა, რომელმაც რეალური მომენტი ვერ გამოიყენა და ბურთი ძელს გაარტყა.

მეორე მატჩი კი სამწუხაროდ 3:0 წავაგეთ. უკრაინელებმა მეტი ჟინი და მონდომება გამოიჩინეს, რაც შედეგზეც აისახა. სამწუხაროდ, ბევრი შეცდომა გვქონდა. შეიმჩენოდა, რომ უკრაინელები ფიზიკურად ჩვენზე ბევრად ძლიერები არიან.

პაპუნაშვილი: “ჩენპიონობისთვის ბოლო ტურამდე ვიბრძოლებთ”

$
0
0
papunashvili

როგორც იცით, გუშინ “დინამო არენაზე” უმაღლესი ლიგის 26-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა გაიმართა, სადაც ადგილობრივმა “დინამომ” პრინციპული მეტოქე, ქუთაისის “ტორპედო” მინიმალური ანგარიშით, 3:2 დაამარცხა.

Fanebi.Com დაუკავშირდა თბილისის “დინამოს” 19 წლის შემტევს და ზემოთაღნიშნულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გაესაუბრა.

- გამარჯობა გიორგი. გილოცავ გუშინდელ მატჩში მოპოვებულ ძალიან მნიშვნელოვან სამ ქულას. როგორ შეაფასებდით დაპირისპირებას?

– გაიხარეთ, დიდი მადლობა. თანაგუნდელებს მადლობას ვუხდი თავდაბდებისთვის. რაც შეეხება თამაშს, ვფიქრობ, ყველამ მაქსიმუმი გავაკეთეთ და გამარჯვებაც დავიმსახურეთ.

- ამჟამად, სატურნირო ცხრილში “დინამო” მესამე ადგილს იკავებს და პირველადგილოსან “დილას” ოთხი ქულით ჩამორჩება. რა იქნება მიმდინარე სეზონში გუნდის მთავარი მიზანი?

– მანამ, სანამ მცირე შანსიც კი იქნება, ჩემპიონობისთვის ბოლო ტურამდე ვიბრძოლებთ. იცით, რომ გუნდი თასის ფინალშია. ამ ტიტულის მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ.

- ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდში ბევრი ახალი ფეხბურთელი მოვიდა. არის თუ არა თანაგუნდელებს შორის შეთამაშების პრობლემა და როგორი ურთიერთობა გაქვს მათთან?

– “დინამო” მიმდინარე სეზონში ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა, მათი უმეტესი ნაწილი კი ძალიან გამოცდილი იყო. გამოცდილი ფეხბურთელების წასვლა პრობლემას წარმოადგენს, მაგრამ ვფიქრობ, ახალი “დინამო” აუცილებლად მოიტანს შედეგს და თავის სიტყვას იტყვის ევროტურნირებზე. ამას დრო და მოთმინება სჭირდება. რაც შეეხება ფეხბურთელებთან ურთიერთობას, ყველაფერი იდეალურადაა.

ადამაძე: “გუნდმა მეორე წრეში დასახული მიზანი შეასრულა”

$
0
0
aada

დასრულდა სეზონი და კონტრაქტის ვადა სხვების მსგავსად, გუნდის კაპიტანსაც, გურამ ადამაძესაც ამოეწურა. “ტორპედოს” გულშემატკივრების უმეტესობას აინტერესებს, თუ როგორ განვითარდება 27 წლის მცველის მომავალი და დარჩება თუ არა ქუთაისში.

ამასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, ადამაძეს Fanebi.Com გაესაუბრა.

-როგორც ვიცით, გუნდში ყველა ფეხბურთელს ამოეწურა კონტრაქტის ვადები. რა ხდება თქვენს მომავალთან დაკავშირებით და აპირებს თუ არა გუნდი, თქვენთან თანამშრომლობის გაგრძელებას?

- დიახ, სხვა ფეხბურთელების მსგავსად გუნდთან არსებული ხელშეკრულების ვადა მეც ამომეწურა. ამჟამად, ჩემსა და გუნდს შორის ახალი კონტრაქტის პირობებზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

- “ტორპედოს” ქომაგები, “ჯუნგლები” გუნდის ნამდვილ ლიდერად მიგიჩნევენ და ძალიან გაფასებენ. მათ კლუბში ყველაზე მეტად თქვენი დარჩება სურთ. რას ფიქრობ მათზე და თავად თუ მიიჩნევთ თავს გუნდის ერთ-ერთ მამოძრავებელ ძალად?

- გუნდის ქომაგებზე კარგის მეტი არაფერი მეთქმის. ისინი ნებისმიერ მომენტში ჩვენს გვერდით არიან და მხურვალედ გვქომაგობენ.

- და ბოლოს, როგორ შეაჯამებდი “ტორპედოს” მიერ განვლილ, მიმდინარე სეზონს და კმაყოფილი ხარ თუ არა, გუნდის ნაჩვენები შედეგით?

- გუნდმა მეორე წრეში დასახული მიზანი შეასრულა და ამით ძალიან კმაყოფილი ვარ. უბრალოდ, ჩვენ სატურნირო ცხრილში უფრო მაღალი პოზიციის დაკავება შეგვეძლო და სამწუხაროა, რომ ეს ვერ მოვახერხეთ.

ქიმაძე: “დიდი ალბათობით, “ტორპედოში”დავრჩები”

$
0
0
i

როგორც მოგეხსენებათ, სეზონის დასრულების შემდეგ, “ტორპედოს” აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელს გუნდთან არსებული კონტრაქტის ვადა ამოეწურა.

იმერელთა ქომაგებს, “ჯუნგლებს” ყველაზე მეტად ლიდერების მომავალი აწუხებთ, დარჩებიან თუ არა ისინი, მათ საყვარელ კლუბში.

ამასთან დაკავშირებით, “ტორპედოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ქიმაძემ Fanebi.Com-თან ისაუბრა.

-როგორც ვიცით, გუნდში ყველა ფეხბურთელს ამოეწურა კონტრაქტის ვადები. რა ხდება თქვენს მომავალთან დაკავშირებით და აპირებს თუ არა გუნდი, თქვენთან თანამშრომლობის გაგრძელებას?

- ამჟამად, ჩემსა და კლუბს შორის ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. დიდი ალბათობით, შეთანხმებას მივაღწევთ და “ტორპედოში” დავრჩები.

– “ტორპედოს” ქომაგები, “ჯუნგლები” გუნდის ნამდვილ ლიდერად მიგიჩნევენ გურამ ადამაძესთან ერთად და ძალიან გაფასებენ. მათ კლუბში ყველაზე მეტად თქვენი დარჩება სურთ. რას ფიქრობ მათზე და თავად თუ მიიჩნევთ თავს გუნდის ერთ-ერთ მამოძრავებელ ძალად?

- მამოძრავებელი ძალა არამგონია ვიყო, ამ გუნდში ბევრი კარგი ფეხბურთელია. რაც შეეხება, გულშემატკივრებს, მათ მხარდაჭერას როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთაც ვგრძნობ, რაც ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა.

- აპირებს ზაფხულში ქუთაისური გუნდი გაძლიერებას? რა იქნება რაიონისპირელთა მთავარი მიზანი მომდევნო სეზონისთვის?

- “ტორპედოს” მთავარი მიზანი საპრიზო ადგილია. დარწმუნებული ვარ, გავძლიერდებით, თანაც საკმაოდ.

- და ბოლოს, როგორ შეაჯამებდი “ტორპედოს” მიერ განვლილ, მიმდინარე სეზონს და კმაყოფილი ხარ თუ არა, გუნდის ნაჩვენები შედეგით?

- გუნდმა დასახული მიზანი შეასრულა და ცუდადაც არ გვითამაშია. უბრალოდ, სამწუხარო ქულები დავკარგეთ, რამაც ძალიან იმოქმედა სატურნირო ცხრილზე. საბოლოო ჯამში, მეორე წრე კარგად ჩავატარეთ.

Viewing all 377 articles
Browse latest View live